მარიამ კუბლაშვილი - პრემიერმა გვითხრა, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე დავინახავთ სამართალს და მჯერა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ამას გააკეთებს
მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა მაჩალიკაშვილის ოჯახს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საქმე პირად კონტროლზე აიყვანა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა ის ღამე გაიხსენა, რომელიც მის ოჯახს შეემთხვა.
„პირველ რიგში, საუბარი დაიწყო მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მოჰყვა ის ვანდალური ღამე, რომელიც მის ოჯახში დატრიალდა. ყველა დეტალი, რომელიც არ არის გაჟღერებული მედიის საშუალებით, შესაძლოა, არ ჰქონდათ წვდომა დახურულ ინფორმაციებზე. მე მოვახდინე იმ დეტალების ციტირება, აქცენტირება, რომელიც არის დარღვევა საქმის მასალებში. ვინაიდან ჩართული ვარ იმ საქმეში, ვგულისხმობ 26 დეკემბრის ღამეს პანკისის ხეობიდან, რომლის გამოძიებაც ცალკე მიმდინარეობს.
ამასთან, ფაქტობრივად, დასრულებულია იქ ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევის პერიოდი და ცალსახად ხაზგასმულია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არის უდანაშაულო. ის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი უდანაშაულოა, ამის მოთხოვნასთან დაკავშირებით დიდი აქცენტი გააკეთა ნინო ლომჯარიამ. მან თქვა, რომ მხარს უჭერს პოზიციონირებას იმ კუთხით, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი პირველ რიგში, იყო უდანაშაულო. მეორე საკითხი იყო, თუ რა დარღვევებია, ჩვენ არ გვაქვს წვდომა საქმის მასალებზე, არ გვაქვს სურათი“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრი საქმის დეტალების შესახებ ინფორმირებული იყო.
„პრემიერმა საუბარი მწუხარებით დაიწყო. სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახს და მთელი პანკისის ხეობას თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის გამო. მან თქვა, რომ საქმის მასალებს იცნობს და ეს ეტყობოდა კიდეც, გარკვეულ კითხვებზე პასუხი ჰქონდა. მან თქვა, ეს არის ჩემი ადამიანური პოზიცია და ჩემი პირადი სიტყვა, რომ მე უშუალოდ შესწავლილი მაქვს და უშუალოდ პირად კონტროლზე მექნება ეს საქმე, ვერაფერს გპირდებით, მაგრამ მაქვს დიდი იმედი, რომ ამ საქმეზე თქვენ დაინახავთ ჭეშმარიტებას, თუკი ეს უკანასკნელი ვერ ნახეთ და თქვენი ეს პოზიცია არის მართალი“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად შედეგიანი იყო მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ სჯერა, ამ საქმესთან დაკავშირებით სამართალს მიაღწევენ.
„მე პირადად მჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი ამას გააკეთებს. ეს არის ჩემი ობიექტური აზრი. ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრი ამას მოახერხებს, რომ ჩვენ დავინახავთ სამართალს. ამის მჯერა, არ ვიცი, რატომ. ეს იყო პირადი მისი სიტყვა და მე ამის მჯერა, ვიცი, რომ გააკეთებს“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მარიამ კუბლაშვილის თქმით, შეხვედრას მასთან ერთად ესწრებოდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე.
ამასთან, მან განმარტა, რომ მხარეთა გადაწყვეტილებით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის შეხვედრა პრემიერთან ცალ-ცალკე გაიმართა.