მარიამ კუბლაშვილი - დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილს უსვამენ კითხვებს, რომლებიც სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია
მალხაზ მაჩალიკაშვილთან გამოძიებას კითხვები აქვს ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებულ პირებთან დაკავშირებით, კერძოდ, საიდან იცნობდა მაჩალიკაშვილი მათ და რა ურთიერთობა ჰქონდა, – ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა სუს-თან განაცხადა, სადაც ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მაჩალიკაშვილი დღეს მეორედ დაიბარეს.
„გრძელდება მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა ცხრა თვის წინანდელ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ მაშინ უნდა ყოფილიყო გამოძიებისთვის საინტერესო მისი დაკითხვა. ასევე უნდა დაებარებინათ და დაეკითხათ თემირლან მაჩალიკაშვილი, არ უნდა მომხდარიყო მისი ლიკვიდაცია ყოველგვარი ინფორმაციის მოპოვების გარეშე. გამოძიებას მალხაზ მაჩალიკაშვილთან კითხვები აქვს მსჯავრდებულ პირებთან დაკავშირებით, საიდან იცნობდა მათ და რა ურთიერთობა ჰქონდა. ეს ის კითხვებია, რომლებსაც არაერთხელ გავეცით პასუხი. მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ მაჩალიკაშვილს სასამართლო პროცესებზე ესაუბრა იმ ბრალდებულ პირებთან მიმართებაში, რომლებზეც უკვე დადგა სასამართლო განაჩენი“, – განაცხადა კუბლაშვილმა.
ადვოკატის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, როდის და რა გზით შემოვიდნენ საქართველოში მსჯავრდებული პირები.
„ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და გვსურს გავიგოთ, რატომ, როდის და რა გზით შემოვიდნენ მსჯავრდებული პირები საქართველოში, ასევე როგორ ჩამოვიდნენ პანკისის ხეობაში, როგორ გაეცნენ პანკისის ხეობის მკვიდრებს, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახს, რატომ დადიოდნენ ასე თავისუფლად. დღეს, როდესაც დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებები, როდესაც სასამართლო განაჩენი დგას, იბარებენ მალხაზ მაჩალიკაშვილს და ისეთ კითხვებს უსვამენ, რომლებიც სასამართლომ უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია.
მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე გაკეთებული განცხადებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ. მაშინ, როდესაც განაცხადა, რომ საქართველოდან მიდის და საქმეზე სიმართლის დადგენა ევროპის დონეზე უნდოდა. ჩვენ არაერთი განმარტება გავაკეთეთ და იცოდნენ, რომ მაჩალიკაშვილის განცხადება იყო არასერიოზული და ემოციური. ამის გარდა, იხსენებენ იმ საქმეს, რომელზეც უკვე სამართლო განაჩენი დგას. ყოველთვის მქონდა კითხვა ბრალდების მხარესთან, რატომ არ არის მალხაზ მაჩალიკაშვილი მოწმედ დაბარებული, რათა დაიკითხოს და სრული ინფორმაცია მისცეს, ვინაიდან თუ დაიკითხებოდა სასამართლო პროცესზე, ის აუცილებლად მისცემდა ისეთ ინფორმაციას, რომელიც ბრალდების მხარისთვის არ იქნებოდა საინტერესო. ჩვენ გვაქვს კითხვები, საიდან შემოვიდნენ. ჯერ დადგენილი არ არის ამ ადამიანების საქართველოში შემოსვლის დღე, გარემოება, ის ადამიანები, ვინც მათ დაეხმარნენ“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა მცდელობა, გარკვეული საქმე აღიძრას მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, კუბლაშვილი პასუხობს, რომ „საზოგადოების ცნობიერებაზე მუშაობა ხდება, რათა მაჩალიკაშვილი გაიგივდეს იმ პირებთან, რომლებიც კავშირში იყვნენ ახმედ ჩატაევთან და დანარჩენებთან“.
„მალხაზ მაჩალიკაშვილი არ იცნობდა მსჯავრდებულებს იმ პერიოდშიც, როდესაც ჩატაევი საქართველოში იმყოფებოდა. ყველა ეს დაბარება ქმნის სურათს, მაჩალიკაშვილი დაუკავშირდეს ტერორისტულ ორგანიზაციებს, რათა არ მოხდეს საზოგადოების მხარდაჭერა და ვერ დატოვოს საქართველო“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე სუს-ში მეორედ დაიბარეს.