მარიამ ხვადაგიანი - სოციალური ქსელი ბავშვს მაშინ უნდა ჰქონდეს, როდესაც მეტ-ნაკლებად ზრდასრულობისკენ არის
მარიამ ხვადაგიანი - სოციალური ქსელი ბავშვს მაშინ უნდა ჰქონდეს, როდესაც მეტ-ნაკლებად ზრდასრულობისკენ არის

იმ ასაკში, როდესაც ბავშვი უნდა განვითარდეს, ის ცალმხრივ ურთიერთობაშია გაჯეტთან, ადამიანი კი კომუნიკაციის ხარჯზე ვითარდება, – ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა, მარიამ ხვადაგიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც მშობლებს ვეკითხები, რა დროს ატარებს მათი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი ციფრულ ტექნოლოგიასთან, პასუხი ხშირ შემთხვევაში, არის დღეში საშუალოდ, ოთხი საათი. ამ ასაკის ბავშვს პლუს ორი საათი სძინავს ხომ?! ბავშვმა ინტერნეტში რაც არ უნდა ჩართოს და „იუთუბიდან“ თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო გადაცემებიდან რა ინფორმაციაც უნდა წამოვიდეს, ეს კომუნიკაციას ვერ ანაცვლებს. კომუნიკაციას სჭირდება მინიმუმ, ორი ადამიანი, რომ ინფორმაცია გავიდეს და უკუკავშირი დაბრუნდეს. შესაბამისად, გამოდის, რომ იმ ასაკში, როდესაც ბავშვი უნდა განვითარდეს, ის ცალმხრივ ურთიერთობაშია გაჯეტთან, ადამიანი კი კომუნიკაციის ხარჯზე ვითარდება“, – განაცხადა ხვადაგიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ უჩნდებათ ბავშვებს იმის სურვილი, რომ ხელში მუდმივად ეჭიროთ ესა თუ ის მოწყობილობა, მარიამ ხვადაგიანმა განაცხადა, რომ ამის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ბავშვს ის უნდება, რასაც უფროსების ქცევაში ხედავს.

„ბავშვი მოდელად უფროსს უყურებს. როდესაც სახლიდან გასვლის დროს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, გვაქვს თუ არა თან ტელეფონი, როდესაც სახლში მისვლის დროს ვხსნით კომპიუტერს და სახლშიც ბევრს ვმუშაობთ, როდესაც ოჯახში ბებიას ტელევიზორი მუდმივ რეჟიმში აქვს ჩართული და ა.შ, ბავშვს ეს ყველაფერი უნდა, რადგან მას ის უნდა, რასაც ხედავს. რატომ დგას ორი წლის ბავშვი ქუსლებზე?! თუ დედას ხშირად აცვია, ხომ?! მეორე მომენტი ის არის, რომ ძალიან ხშირად, ეს ყველაფერი მის თანატოლებს აქვთ. შესაბამისად, ბავშვი ყოველთვის იმიტაციას აკეთებს და სურს, იგივე ჰქონდეს, რაც მამას, დედას და სხვებს აქვთ. ის ცდილობს, იგივე ქმედებები განახორციელოს. აგრეთვე, ინტერნეტში პატარებისთვის თუ დიდებისთვის არის ფერების სწრაფი ცვლა, მუსიკა, სხვადასხვა ტიპის თამაშები და ა.შ, რაც ადრენალინს იწვევს. შემდეგ უკვე, ეს ნეიროფიზიოლოგიურ დონეზე სასიამოვნო ხდება და ის ცდილობს, სიამოვნება გაიხანგრძლივოს “, – განაცხადა ხვადაგიანმა.

მისი თქმით, თუ ბავშვს ალტერნატივას, ვთქვათ, ტელეფონის მიცემის ნაცვლად ეზოში ბურთის თამაშს შევთავაზებთ, ხშირ შემთხვევაში, ის წამოგვყვება, თუ ინტერნეტზე უკვე ძალიან მიჯაჭვული არ არის.

„მე არაერთხელ მინახავს, ბავშვი თამაშის დროს მშობელს შენიშვნას რომ აძლევს, ტელეფონი დადე და მე მეთამაშეო. ამიტომ, ვფიქრობ, ბავშვები ალბათ, განიცდიან ყურადღების ნაკლებობას“, – განაცხადა ხვადაგიანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა ასაკიდან არის რეკომენდებული მოზარდის მიერ სოციალური ქსელით სარგებლობა, ნეიროფსიქოლოგმა განაცხადა, რომ კონკრეტული ასაკი განსაზღვრული არ არის, თუმცა, შვიდი წლის ბავშვს სოციალური ქსელი არ უნდა ჰქონდეს.

„სოციალური ქსელი ბავშვს მაშინ უნდა ჰქონდეს, როდესაც მეტ-ნაკლებად ზრდასრულობისკენ არის. როდესაც პატარაა, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ინტერნეტთან მარტოა თუ მასთან ერთად ვიღაც არის. იმიტომ, რომ შეიძლება, მე იგივე გაჯეტი ძალიან სასარგებლოდ გამოვიყენო ჩემთვისაც და ბავშვისთვისაც. თუ მშობელი ჩართული ვარ და რაღაცას ერთად ვაკეთებთ, აქ უკვე უკუკავშირი და კომუნიკაცია შემოდის“, – განაცხადა მარიამ ხვადაგიანმა.