მარიამ ჯიშკარიანი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ორგანოების გარეშე გადმოცემაზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას
წამების მსხვერპლთა რეაბილატაციის ცენტრ „ემპათიაში“ მიიჩნევენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ორგანოების გარეშე გადმოცემასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.
როგორც პირველ არხს წამების მსხვერპლთა რეაბილატაციის ცენტრ „ემპათია”-ს დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა, ორგანოების გარეშე ცხედრის გადმოცემა სისხლის სამართლის საქმეა.
„ჩვენ გავესაუბრებით არჩილ ტატუნაშვილის ადვოკატს და მამას. აუცილებლად გავუწევთ კონსულტაციას. უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ორგანოების გარეშე გადმოცემაზე. ამის საფუძველი არსებობს. ეს არის დანაშაული – გვამის დამახინჯება, გარდაცვლილის ოჯახზე ზემოქმედება. შეიძლება ცხედარს ორგანოები ამოაცალონ, გაყიდონ და ორგანოებით უკანონო ვაჭრობას ჰქონდეს ადგილი“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
ცენტრში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ირაკლი თოიძესა და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველ თამარ ავალიანთან შეხვედრა მომავალ კვირაში შედგება. შეხვედრაში თამარ ავალიანთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს და დამოუკიდებელ ექსპერტებთან კონსულტაციებს გაივლის არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი.
მარიამ ჯიშკარიანი პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ მათ მიიღეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე აღმოჩენილი 100-მდე დაზიანებაა აღწერილი. „ემპათია” დამოუკიდებლად აპირებს კომპლექსური-კომისიური ექსპერტიზის ჩატარებას და უახლოეს პერიოდში მოამზადებს დასკვნას, სადაც ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებების წარმოშობასა და გარდაცვალების მიზეზზე იქნება საუბარი.
ჯიშკარიანი ამბობს, რომ აუცილებელია, კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს, საუბარია მინესოტასა და სტამბოლის პროტოკოლებზე, რათა წამებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგინდეს.
„ადვოკატს გავესაუბრებით და დეტალებზე შევთანხმდებით. ჩვენ დოკუმენტაცია გვჭირდება და ვნახოთ, თუ რისი მიღების შესაძლებლობაა. რაც უფრო სწრაფად მივიღებთ მასალებს, მით უფრო სწრაფად მოვამზადებთ დასკვნას. გვაქვს საჭირო დოკუმენტების ვრცელი ჩამონათვალი. მასალები ვერ მივიღეთ ვერც პროკურატურიდან და ვერც ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროდან,” – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.
პირველი არხისთვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სამედიცინო დასკვნის შედეგი გახდა ცნობილი. ტატუნაშვილის ცხედარზე სამხარაულის ბიუროს სამედიცინო დასკვნაში 100-მდე დაზიანებაა აღწერილი.