მარიამ ჯაში - თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მხარს დავუჭერთ
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მხარს დაუჭერს ნებისმიერ პროცესს, რომელიც სრული ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემს ჩვენს საზოგადოებას, იმ მასალების გასაჯაროებას, რომელიც უკავშირდება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა.
ჯაშის განცხადებით, თუკი პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა ამ საკითხზე, მათი ფრაქცია მზად არის, რომ მხარი დაუჭიროს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.
„საზოგადოებას რჩება მნიშვნელოვანი კითხვები. ერთის მხრივ, არის კითხვები ტერორისტულ ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან იყო თუ არა მაჩალიკაშვილის ოჯახის რომელი წევრი კავშირში. ამასთანავე, რჩება კითხვები სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომლის საგამოძიებო პროცესი უკვე დაიხურა. ამდენად, ყველა ამ კითხვასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად ჩვენ მზად ვართ, რომ შევუწყოთ ხელი პროცესს, მათ შორის თუკი კენჭისყრა გაიმართება საგამოძიებო კომისიაზე“,- აცხადებს ჯაში.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი აღნიშნული საკითხების გასაჯაროებისთვის.
„შეიძლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ან შესაბამისმა ორგანოებმა სხვა ფორმატი მოძებნონ აღნიშნული ინფორმაციის მისაწოდებლად საზოგადოებისთვის. ფაქტია, მიუხედავად მცდელობისა, რომ პასუხები ყოფილიყო გაცემული ამ შეკითხვებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არის გარკვეული კითხვები ღია.
ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს სრული ინფორმაციის მიღებას. სწორედ ამ ინფორმაციის მიღებისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა შესაბამისი ფორმატების შექმნა. თუკი დადგება კენჭისყრაზე აღნიშნული საკითხი, ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ და შევაჯერეთ ჩვენი პოზიცია, რომ მხარს დავუჭერთ“,- აცხადებს მარიამ ჯაში.