მარიამ ჯაში - გუნდის ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები იქნება
იმდენად დარწმუნებული ვარ იმ ნაბიჯის სისწორეში, რომელიც გადავდგი, რომ მზად ვიყავი გუნდთან შემდგომი დისკუსიისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთან დაკავშირებული საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
„საზოგადოებისთვის ცნობილია ჩემი თავდაპირველი პოზიცია. მე იმდენად დარწმუნებული ვარ იმ ნაბიჯის სისწორეში, რომელიც გადავდგი, რომ მზად ვიყავი ჩემს გუნდთან შემდგომი დისკუსიისთვის. პირველი შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში დასრულდა იმ შედეგით, რომელიც საზოგადოებისთვის იყო ცნობილი. თუ დამატებითი კონსულტაციები და განხილვა გახდა საჭირო, მე მზად ვარ ამისთვის და აბსოლუტურად მისაღები იქნება გუნდის ნებისმიერი გადაწყვეტილება. ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ განსხვავებული პოზიცია მხოლოდ აძლიერებს გუნდს“, – განაცხადა ჯაშმა.
მისი შეფასებით, ეს ჯანსაღი პროცესია.
„თუ იქნება ალტერნატიული გადაწყვეტილება მიღებული, ბუნებრივია, ამას გავითვალისწინებ“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.
საქართველოს პარლამენტმა 26 ივნისს თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურას სასამართლოსთვის დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიემართა. მარიამ ჯაში ერთ-ერთი ის დეპუტატი იყო, რომელმაც ამ საკითხს მხარი არ დაუჭირა, კერძოდ, ჯაშმა კენჭისყრაზე რეგისტრაცია არ გაიარა. ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხს პარლამენტის სესიაზე 26 ივნისს მხარი არც რომან კაკულიამ დაუჭირა.
ამასთან, უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ დღეს განაცხადა, რომ მსჯელობის საგანია, შეინარჩუნებენ თუ არა დეპუტატები რომან კაკულია და მარიამ ჯაში კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობას.