გია ვოლსკი აცხადებს, რომ მსჯელობის საგანია, შეინარჩუნებენ თუ არა რომან კაკულია და მარიამ ჯაში კომიტეტების თავმჯდომარეობას
გია ვოლსკი აცხადებს, რომ მსჯელობის საგანია, შეინარჩუნებენ თუ არა რომან კაკულია და მარიამ ჯაში კომიტეტების თავმჯდომარეობას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მსჯელობის საგანია, შეინარჩუნებენ თუ არა რომან კაკულია და მარიამ ჯაში კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობას.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, უმრავლესობის შეხვედრებზე მარიამ ჯაშისა და რომან კაკულიას ქმედებამ გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია.

„გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ალბათ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ვფიქრობ, ჩვენმა კოლეგებმა მთავარი ვერ გაიგეს. საუბარი არ იყო მელიას დაპატიმრებაზე, საუბარი იყო პარლამენტის წევრის უფლება გათანაბრებულიყო ჩვეულებრივი მოქალაქის უფლებებთან, რომლის მიმართაც შეიძლება პრეტენზიები ჰქონდეს პროკურატურას და მიმართავდეს სასამართლოს. საკითხს სასამართლო გადაწყვეტს და არა – პარლამენტი. ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიღების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, ჩვენი კოლეგა იქნება, თუ სხვა. ბუნებრივია, არ შეიძლება, ასეთი საკითხები უყურადღებოდ რჩებოდეს. ამ ადამიანების მიმართ გარკვეული პრეტენზიები მაქვს, თუმცა ასეთი საკითხი უფრო სერიოზულად უნდა იყოს განხილული და არა ისე, რომ რაიმე ინდვიდუალური გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მარიამ ჯაშმა და რომან კაკულიამ გენერალური პროკურატურის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით სასამართლოსთვის მიემართა. უმრავლესობის ნაწილმა განაცხადა, რომ მარიამ ჯაშსა და რომან კაკულიას ამ საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე განსხვავებული პოზიცია არ დაუფიქსირებიათ და მსჯელობა უნდა გამართულიყო გუნდურობის პრინციპების დარღვევაზე. გასულ კვირას უმრავლესობის სხდომა გაიმართა და ითქვა, რომ მსჯელობა ამ საკითხზეც იყო, თუმცა გუნდის ამ წევრებს სანქციები არ დაეკისრებოდათ.