პარლამენტმა თანხმობა განაცხადა, პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს
პარლამენტმა თანხმობა განაცხადა, პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს

საქართველოს პარლამენტმა თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახდა ცნობილი.

კენჭისყრისას თანხმობა 91-მა დეპუტატმა განაცხადა, ხოლო წინააღმდეგი არავინ წასულა.

დეპუტატებმა სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროს ამირან გულუაშვილს მოუსმინეს. მან პარლამენტის წევრებს გააცნო საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 25 ივნისის N013/4 მიმართვა, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ.

პარლამენტის პლენარულ სხდომას თავად ნიკა მელია დაესწრო. თუმცა სხდომას არ დასწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა დეპუტატები და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.

პლენარულ სხდომამდე, დღესვე პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა განაცხადეს თანხმობა, რომ გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს. გადაწყვეტილებას საპროცედურო კომიტეტის ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგი წავიდა, ხოლო იურიდიული კომიტეტიდან მომხრე იყო ცხრა, წინააღმდეგი – სამი.