მარიამ ჯაში - ასეთი მასშტაბის ტრაგედია სკოლაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად მოხდა
განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, სკოლებში მონიტორინგის გაძლიერება აუცილებელია. ამის შესახებ მან დღეს, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.
ჯაშის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მსგავსი მასშტაბის ტრაგედია პირველად მოხდა და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოსწავლეთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.
მისივე თქმით, მონიტორინგის გაძლიერების თემაზე შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გაიმართება.
„ჩვენ გვაქვს დღეს საქმე არა უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზე, არამედ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და გარკვეული პერიმეტრის მასშტაბით მონიტორინგის გაძლიერების აუცილებლობასთან. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სკოლის გარეთ ახალგაზრდობის უსაფრთხოების საკითხებზე და არსებობს თემები, რომელზეც ჩვენ გვექნება მსჯელობა.
ვფიქრობ გარკვეული პერიმეტრის შეთანხმება უნდა მოხდეს განათლების სამინისტროსა და პოლიციის სამსახურს შორის, რომლის გაკონტროლებაც უფრო აქტიურად მოხდება, განსაკუთრებით სკოლის შემდგომ პერიოდებში. ეს შეიძლება იყოს ერთობლივი ღონისძიებები. ფაქტია, რომ ჩვენ გვჭირდება მონიტორინგის გაძლიერება“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა პირველ არხთან საუბრისას.
შსს-ს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად, 14:19 საათზე მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.