მარიამ ბიგვავას პირველი არხის შენობასთან „რანინას“ მონაწილეები და ტელევიზიის თანამშრომლები დახვდნენ [ფოტო/ვიდეო]
საბავშვო ევროვიზია 2022-ის ქართველი მონაწილე მარიამ ბიგვავა, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, სომხეთიდან დაბრუნდა. საქართველოს პირველი არხის შენობასთან მარიამ ბიგვავას პროექტ „რანინას“ მონაწილეები და ტელევიზიის თანამშრომლები დახვდნენ და მესამე საპრიზო ადგილზე გასვლა მიულოცეს.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, მარიამ ბიგვავამ საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ბევრ კარგ შემსრულებელს სათანადო კონკურენცია გაუწია.
მისივე თქმით, მესამე ადგილი მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.
„ძალიან ემოციურია ეს დახვედრა მარიამისთვის. რაც მთავარია, ჩვენი „რანინელები“ აქ არიან. ამ ბავშვებმა ერთგვარი კომუნა შექმნეს თანამედროვე ქართული სიმღერის, ხარისხიანი მუსიკის, და ის სიყვარული, რომელიც მათ აერთიანებთ, არის ძალიან ამაღელვებელი. ძალიან ამაყნი ვართ ჩვენი დელეგაციით საბავშვო ევროვიზიაზე, ჩვენი მუსიკალური ნომრით.
ბევრი საუბარია, დაიჩაგრა თუ არა საქართველო. რა თქმა უნდა, ამაზე შეგვიძლია, ვისაუბროთ, თუმცა მესამე საპრიზო ადგილი არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. მარიამ ბიგვავამ კონკურსზე ძალიან ბევრ კარგ შემსრულებელს და ბევრ კარგ ნომერს სათანადო კონკურენცია გაუწია. კმაყოფილები და ბედნიერები ვართ, ეს იყო ნამდვილად ძალიან კარგი სანახაობა. რა თქმა უნდა, ყოველთვის გვინდა მოგება, რაც შეგვიძლია კიდეც. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მესამე ადგილი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი. მადლობა ჩვენს მაყურებელს და ყველა პირველარხელს მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
საბავშვო ევროვიზია 2022-ის საკონკურსო სიმღერის ავტორის, გიგა კუხიანიძის განცხადებით, მარიამ ბიგვავამ და გოგონებმა ძალიან კარგად შეასრულეს ის დავალება, რაც ჰქონდათ.
„წლევანდელი ევროვიზია ჩემთვის იყო ემოციური, იქედან გამომდინარე, რომ ყველა ის წარმატება, რაც მანამდე გვქონდა, პირველი არხის შენობაში დაიწყო და გაკეთდა სამი გამარჯვება, რომელსაც მივაღწიეთ ყველამ ერთად, ეს გაცოცხლდა წელს ევროვიზიის სცენაზე – „ბზიკები“, „ქენდი“, მარიამ მამადაშვილი – ეს იყო ძალიან ემოციური ყველასთვის. თავისთავად, მარიამისა და გოგონების გამოსვლა იყო ძალიან ემოციური. მათ ძალიან კარგად შეასრულეს, რაც დავალება ჰქონდათ. აბსოლუტურად, 100 პროცენტით იყო საუკეთესო შესრულება. ვფიქრობ, რომ ეს იგივე გამარჯვებაა, რადგან ახლაც რომ შევიდეთ და ვნახოთ ოფიციალურ საიტზე, მხოლოდ საქართველოს სიმღერას აქვს უამრავი გაზიარება, კომენტარი. ხალხი წერს, რომ ეს არის გამარჯვებული სიმღერა. ჩვენ მესამე ადგილით დავბრუნდით, ესეც საპრიზო ადგილია. ადვილი არ არის ამდენი დიდი ქვეყნის კონკურენტი იყო. შენმა პატარა ქვეყანამ მაინც მოაგროვა ის მცირე ხმები და ჟიურის შეფასებით მაინც გახდა მესამე ადგილის მფლობელი. კმაყოფილი და ძალიან ბედნიერი ვარ“,- განაცხადა კუხიანიძემ.
საბავშვო ევროვიზიის მონაწილის, მარიამ ბიგვავას განცხადებით, კონკურსისთვის ბევრი იშრომეს, რომ კარგი შედეგი დაედოთ. ბიგვავამ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„ძალიან ბევრი ვიშრომეთ ამ ევროვიზიისთვის, რომ კარგი შედეგი დაგვედო. ასეც მოხდა, რადგან ძალიან ბევრი დიდი ქვეყანა, ჩვენზე ათჯერ და ოცჯერ დიდი ქვეყანა ჩამოვიტოვეთ უკან და მესამე საპრიზო ადგილი დავიკავეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს გამოსვლას უცხოეთიდანაც და საქართველოდანაც. დიდი მადლობა ყველას, ვინც არ დაიშურა ხუთი წუთი და მოგვცა ხმა. მიყვარხართ ყველა“, – განაცხადა მარიამ ბიგვავამ.
საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა საბავშვო ევროვიზია 2022-ის კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა. ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა.