მარია ზახაროვა - რუსეთი დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ შესაბამის ზომებს მიიღებს
რუსეთი დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ შესაბამის ზომებს მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზახაროვამ რუსეთის მიმართ დიდი ბრიტანეთის ბრალდებებს გიჟური უწოდა, ხოლო ნაბიჯებს – არამეგობრული.
„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაისმა გიჟური ბრალდებები რუსეთის სახელმწიფოსა და ხალხის მისამართით. დიდი ბრიტანეთის მიერ შესაბამისი არამეგობრული ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იგეგმება საპასუხო ზომები. ახლა მიმდინარეობს მათი შემუშავება და ისინი უახლოეს დროში მიიღება“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდ ბრიტანეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გადასცენ ყველა არსებული ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით.
მარია ზახაროვის თქმით, რუსეთმა დიდ ბრიტანეთს რამდენიმე ნოტა გაუგზავნა, რომლის მიზანი იყო დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებით დიალოგის დაწყება. როგორც ზახაროვა ამბობს, აღნიშნულ ნოტებში რუსული მხარე სერგეი სკრიპალის საქმის ერთობლივი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობდა, თუმცა დიდი ბრიტანეთი თანამშრომლობაზე უარს ამბობს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების, ასევე, სერგეი ლავროვის ლონდონში ვიზიტის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.