მარია ზახაროვა - ერევანში თქვეს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ დატოვა სომხეთი, შემდეგ თქვეს, რომ გაიყინნენ ორგანიზაციის შიგნით, გვინდა, გავიგოთ, ვინ ვის შიგნითაა
მარია ზახაროვა - ერევანში თქვეს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ დატოვა სომხეთი, შემდეგ თქვეს, რომ გაიყინნენ ორგანიზაციის შიგნით, გვინდა, გავიგოთ, ვინ ვის შიგნითაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავისი მონაწილეობა გაყინა.

„ცოტა ხნის წინ ერევანში აცხადებდნენ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ დატოვა სომხეთის ტერიტორია, შემდეგ დაიწყეს საუბარი, რომ ისინი გაიყინენ ამ ორგანიზაციის შიგნით. გვინდა, გავიგოთ, ვინ ვის შიგნითაა“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ზახაროვამ თქვა, რომ „ყოველ სიტყვასა და ფრაზას უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ აზრი, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, არამედ, თუ ის ოფიციალური პირის მიერ არის ნათქვამი, მაშინ პასუხისმგებლობაც უნდა იყოს არა მხოლოდ ნათქვამზე, არამედ შედეგებზეც“.

„ერევანი დე იურე რჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად და ინარჩუნებს შესაბამის უფლებებსა და ვალდებულებებს. სომხეთის ხელმძღვანელობა მიჰყვება ასეთი თანამშრომლობიდან უკან დახევის ხაზს, რაც, ჩვენი აზრით, ეწინააღმდეგება სომეხი ხალხის ინტერესებს. იმედი გვაქვს, რომ, თავად სომხეთისა და მთელი რეგიონის მომავალი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სომხეთთან პარტნიორობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში სრულად განახლდება. სიტყვებით თამაშმა, შეიძლება, სიკეთემდე არ მიგიყვანოთ, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგიონს არაერთი გამოცდა ხვდა წილად“, – განაცხადა ზახაროვამ.