მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთისთვის ნატო-ში უკრაინის ნებისმიერი ფორმით გაწევრიანება მიუღებელია
რუსეთისთვის მიუღებელია ნატო-ში უკრაინის ნებისმიერი ფორმით გაწევრიანება, იქნება ეს ნაწილობრივ თუ სხვა ფორმატში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენ მუდმივად განვმარტავთ ჩვენს პოზიციას უკრაინის ნატო-ში შესვლის თაობაზე. ნაწილობრივ თუ ცალკეული ნაწილების გარეშე, ნებისმიერი ფორმით, რუსეთისთვის მიუღებელია უკრაინის შესვლა ატლანტიკურ ბლოკში“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ამგვარად გამოეხმაურა ნატო-ს ყოფილი ხელმძღვანელის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომელმაც უკრაინის ნატო-ში „ნაწილობრივი წევრობის“ იდეა წარმოადგინა, რათა ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი არ გავრცელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„დადგა დრო, გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი და მოვიწვიოთ უკრაინა ნატო-ში. ჩვენ გვჭირდება ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელშიც უკრაინა ნატო-ს ცენტრში იქნება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.