მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - იმედს ვიტოვებთ, საარჩევნო საკითხებზე პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგი შედეგს გამოიღებს
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი იმედოვნებს, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემის შესახებ პოლიტიკურ მხარეებს შორის დაწყებული დიალოგი შედეგს გამოიღებს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა განაცხადა, შეხვედრაზე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზეც ისაუბრეს.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე. პოზიტიურად განვიხილავ, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გააცნობიერა საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობა იმისთვის, რომ გაძლიერდეს პროპორციულობა. იმედს ვიტოვებთ, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის დაწყებული დიალოგი შედეგს გამოიღებს. ევროპის საბჭო, რა თქმა უნდა, მზად არის, დახმარება გაუწიოს საქართველოს, მათ შორის ახალი პროექტებითა და ასევე ახალი სამოქმედო გეგმით“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენ ასევე ყურადღებით ვაკვირდებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხს. ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლო ორგანომ, ვენეციის კომისიამ საკუთარი აზრი გამოთქვა გასულ ზაფხულს და ჩვენს შეხვედრაზე მე ხაზი გავუსვი მისი შესრულების აუცილებლობას“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.