მამუკა სალუქვაძე - იყო საკითხები, რომლებზეც თბილისის მერიასთან ვერ ვთანხმდებოდით, მაგრამ შემდეგ ლოგიკურ გადაწყვეტილებებს ვიღებდით
როცა ერთად დავსხედით, პრაქტიკულად, ყველა აბზაცი, ყველა რუკა ერთმანეთთან შევათანხმეთ და თურმე, ერთმანეთთან ურთიერთობა ძალიან ადვილი ყოფილა, – ამის შესახებ „სითი ინსტიტუტის“ გენერალურმა დირექტორმა და თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა, მამუკა სალუქვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„იყო კომპრომისები და იყო საკითხები, რომლებზეც თბილისის მერიასთან ვერ ვთანხმდებოდით, მაგრამ შემდეგ ლოგიკურ გადაწყვეტილებებს ვიღებდით. სამუშაო პროცესი ეს არის და ამაში გასაკვირი არაფერია. არ ყოფილა არავითარი დათმობა და არც ერთ მხარეს არაფერი არ დაუთმია, არც მერიას და არც იმ ჯგუფს, რომელიც დოკუმენტთან დაკავშირებით სამი წელი მუშაობდა. აქ იყო კომპრომისები და კარგად გაგება იმისა, რომ მერიას რეალურად უნდა ამის განხორციელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალუქვაძემ.
ამ განცხადებით მამუკა სალუქვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მოხდა თუ არა მერიის შენიშვნების სრულად გაზიარება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად არის 11 ლოკაცია და რა ფაქტორების გათვალისწინებით შეირჩა ეს ლოკაციები, რომლებიც მერიამ გამოავლინა და სადაც ქაოტური განაშენიანება შეიზღუდება, მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, რომ თერთმეტი ლოკაცია სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეირჩა, ეს არის ლისის ტბის, თბილისის ზღვის მიდამოები და სხვა ადგილები, სადაც ქაოტური განაშენიანების საკითხები დარეგულირებას მოითხოვს.
„ძირითადი განმსაზღვრელი ქაოტური განაშენიანების საკითხებია, რაც დარეგულირებას მოითხოვს და ჩარჩო გეგმები სწორედ ამის მიხედვით შეირჩა, მაგრამ ფაქტორი მხოლოდ ეს არ არის. აქ მხოლოდ ქაოტურ განაშენიანებაზე არ არის საუბარი. მაგალითად, ვარკეთილის მე-3 მიკრო რაიონში არანაირი ქაოტური განაშენიანება არ არის, მაგრამ იქ არის ე.წ. ხრუშჩოვკები, რასთან დაკავშირებითაც მერიამ გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიიღოს“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.