მამუკა მდინარაძე - ყველა თათბირი იწყება ამ დავალებითა და მოწოდებით, რომ პროვოკაციაზე წამოგება არ უნდა დავუშვათ
მამუკა მდინარაძე - ყველა თათბირი იწყება ამ დავალებითა და მოწოდებით, რომ პროვოკაციაზე წამოგება არ უნდა დავუშვათ

ყველა თათბირი იწყება ამ დავალებითა და მოწოდებით, რომ პროვოკაციაზე წამოგება არ უნდა დავუშვათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ლელოს“ აქტივისტის მხრიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატის, სავალან მირზოევის მიმართ მუქარასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, პროვოკაციების მოწყობა რადიკალური ოპოზიციის იარაღია, რომელიც შეიძლება ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენოს.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენი პარტიის ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშიც იყო საუბარი, რომ მოსალოდნელია მსგავსი პროვოკაციები, მაგრამ  თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით ჩვენი აქტივისტების თუ პარტიის წევრების პასუხისმებლობაა, რომ ასეთ პროვოკაციებზე არ წამოვეგოთ. ეს არის ერთადერთი იარაღი, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ შეიძლება გამოიყენოს არამხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ არჩევნების და ქვეყნის წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა აქტივისტს, ყველა ჩვენს მომხრეს, პარტიის ყველა წევრს, ყველა თათბირი იწყება ამ დავალებით და ამ მოწოდებით, რომ ამ პროვოკაციაზე არანაირი წამოგება არ უნდა დავუშვათ. სამწუხაროდ, ერთი ასეთი შემთხვევა უკვე გვქონდა, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა ამას. ძალიან ცუდია, ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციის მხრიდან ყოველდღიურად ვაწყდებით პროვოკაციის ფაქტებს. პროვოკაციას რომ თავი დავანებოთ, გუშინ უკვე დაფიქსირდა ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატს კონკრეტული პარტიის აქტივისტები პირდაპირ ემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით. დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავები ამასთან დაკავშირებითაც მოახდენენ რეაგირებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს, სავალან მირზოევს პარტია „ლელოს“ აქტივისტი რაშად მუსაევი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.