გიორგი კახიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს, სავალან მირზოევს პარტია „ლელოს“ აქტივისტი რაშად მუსაევი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 
გიორგი კახიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს, სავალან მირზოევს პარტია „ლელოს“ აქტივისტი რაშად მუსაევი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთელ საზოგადოებას, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივს, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი პროვოკაციებზე რეაქციისაგან, ყველა პროვოკაციისა და კანონდარღვევის შესახებ შესაბამისი უწყებების ინფორმირება დროულად მოვახდინოთ და არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევის მიმართ პარტია „ლელოს“ აქტივისტის, რაშად მუსაევის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ყველასთვის ცხადია, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნებში მოსალოდნელი დამარცხების გამო იმდენად სასოწარკვეთილები და გამწარებულები არიან, რომ მსგავს სიბინძურეებს, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარასაც კი კადრულობენ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით, ყველამ არაერთხელ იხილა, როგორ ცდილობს ოპოზიცია პროვოკაციების მოწყობას და საარჩევნო პროცესის ძალადობრივ რეჟიმში გადაყვანას, თუმცა, როგორც ბიძინა ივანიშვილმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ გარემოში, თავსმოხვეული აგრესიისა და მღელვარების გარეშე ჩაიაროს.

„ფაქტია, „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს, რასაც ოპოზიციის ქმედებებიც ადასტურებს, რომლებსაც სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა სიტუაციის რადიკალიზაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთელ საზოგადოებას, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივს, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი პროვოკაციებზე რეაქციისაგან, ყველა პროვოკაციისა და კანონდარღვევის შესახებ შესაბამისი უწყებების ინფორმირება დროულად მოვახდინოთ და არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოების გამოძიება დროული, ეფექტური იქნება და დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.