მამუკა მდინარაძე - წერილობითი უარის მიუხედავად, სადღაც წასვლა და საგარეო მიმართულებით გარკვეული აქტივობის განხორციელება, პრეზიდენტისგან კონსტიტუციის დარღვევაა
მამუკა მდინარაძე - წერილობითი უარის მიუხედავად, სადღაც წასვლა და საგარეო მიმართულებით გარკვეული აქტივობის განხორციელება, პრეზიდენტისგან კონსტიტუციის დარღვევაა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ვარაუდობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტებზე მთავრობისგან წერილობითი უარი საკითხების წინასწარ შეუთანხმებლობის გამო მიიღო.

მდინარაძის თქმით, საქართველოს პარლმენტი განსაზღვრავს საგარეო მიმართულების პრიორიტეტებს, ხოლო აღმასრულებელი რგოლია საქართველოს მთავრობა, რომელიც სავარაუდოდ საქმის კურსში არ იყო.

„როგორც ჩანს, გარკვეული დისკომუნიკაცია იყო. მათ შორის პრეზიდენტის მიმართ კონსტიტუციაში გაწერილი მთავრობის თანხმობა ნიშნავს იმას, რომ საკითხები წინასწარ  უნდა იყოს შეთანხმებული. ჩემი ვარაუდით და არა ინფორმაციით, ვინაიდან არ იყო შეთანხმებული საკითხები, შესაძლებელია, ამან გამოიწვია მთავრობის წერილობითი უარი. იმიტომ წერია კონსტიტუციაში კონკრეტულად და არა მხოლოდ ქართულ კონსტიტუციაში. საქართველოს პარლამენტი არის პასუხისმგებელი და განსაზღვრავს საგარეო მიმართულების პრიორიტეტებს, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი რგოლი, რომელიც ამ საგარეო მიმართულებით არის პასუხისმგებელი და ჩემი ვარაუდით, ეს რგოლი საქმის კურსში არ იყო. ამიტომ ამ დაჩქარებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლებელია, გამოიწვია მთავრობის მსგავსი გადაწყვეტილება, თუ ეს ასე იყო. ჯერ გავერკვევი და შემდეგ უფრო კონკრეტულ პასუხს გაგცემთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე განმარტავს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, თუ მიღებული ჰქონდა წერილობითი უარი საგარეო მიმართულებით რომელიმე ქვეყანაში გამგზავრებაზე.

„პრეზიდენტი თუ არ ცრუობს, და დარწმუნებული ვარ, არ ცრუობს, მას კონსტიტუცია დაურღვევია. თუ იყო წერილობითი უარი საგარეო მიმართულებასთან მიმართებით იმ მომენტში მის სადღაც წასვლაზე და ქვეყნის გრეთ რომ ეწარმოებინა გარკვეულ საკითხზე საუბრები, მოლაპარაკებები, თუ ა.შ. მას დაურღვევია კონსტიტუცია. მან ეს თვითონ თქვა. მე გამოვთქვი ვარაუდი, რომ რადგან მას არ ჰქონდა შეთანხმებული და გავლილი ეს საკითხები მთავრობასთან, შესაძლებელია, ამან გამოიწვია წერილობითი უარი. წერილობითი უარის მიუხედავად, სადღაც წასვლა და საგარეო მიმართულებით გარკვეული აქტივობის განხორციელება, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, შეიძლება, იმპიჩმენტის საკითხი დადგეს? , – მდინარაძის თქმით, არ ფიქრობს, რომ მსგავს საკითხზე ახლა ვინმე იმსჯელებს.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს საგარეო ურთიერთობებში თავის უფლებამოსილებას, ის თავად ამბობს, რომ მიუხედავად მთავრობის წერილობითი დაუთანხმებლობისა წავიდა და თვითნებურად ჩაატარა გარკვეული მოქმედებები, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა. აღმოჩნდა, რომ მას კონსტიტუცია აქვს დარღვეული, რაც არის ძალიან ცუდი ფაქტი. რაც შეეხება იმპიჩმენტს, მგონია, რომ ეს საკითხი არ დადგება ჩვენი მხრიდან. არ მგონია, ამ კონკრეტული საკითხის გამო, ამ ვითარებაში მსგავს საკითხებზე ვინმემ იმსჯელოს, თუმცა ხაზგასასმელია მისი ჟესტი. იქნებ, შეთანხმების შემთხვევაში სხვანაირად ხდებოდა. წინასწარ შეუტყობინებლად, პარლამენტისაგან დამოუკიდებლად რაღაცების კეთება, ჩემი აზრით, ინსტიტუტის უპატივცემულობაა. როგორც ჩანს, იყო გარკვეული დისკომუნიკაცია. საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი რგოლი, რომელიც საგარეო მიმართულებითაა პასუხისმგებელი. რადგან ეს რგოლი არ იყო საქმის კურსში და არ ჰქონდა ეს საკითხები გავლილი მთავრობასთან, შესაძლებელია, ამ დაჩქარებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია უარი. თუ პრეზიდენტს გარკვეული აქტივობის განსახორციელებლად სჭირდება მთავრობის თანხმობა და ამ თანხმობასთან დაკავშირებით იყო გარკვეული პრობლემები, ამას არ შეიძლება, ეწოდოს დაბლოკვა, ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ 26 თებერვალს წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე და არსებული ვითარების გათვალისწინებით, საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება, სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა.