მამუკა მდინარაძე - თუ იოსებ სიგუასთან კითხვები გვექნება, გამოჯანმრთელების შემდეგ დავუსვამთ
მამუკა მდინარაძე - თუ იოსებ სიგუასთან კითხვები გვექნება, გამოჯანმრთელების შემდეგ დავუსვამთ

დეტექტივების სამმართველოს უფროსთან, იოსებ სიგუასთან თუ კითხვები გვექნება, გამოჯანმრთელების შემდეგ დავუსვამთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა ბედოიძემ განმარტა, რომ სიგუა გუშინდელ სხდომაზე სიცხიანი მივიდა.

„როგორც ბედოიძე ჩვენთან პირად საუბარში განმარტავს, გუშინდელ სხდომაზე სიგუა სიცხიანი იყო მოსული და დღეს ამიტომ ვერ მოვა. თუ მასთან კითხვები იქნება, გამოჯანმრთელების შემდეგ დავუსვამთ. ამიტომ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს დღეს მოხდება, თუ რამოდენიმე დღის შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რჩება თუ არა თანამდებობაზე იოსებ სიგუა, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, სიგუას გუშინდელი საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ პატაკი დააწერინეს და სამსახურიდან გაუშვეს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელისგან ასეთი განმარტება არ მიუღია.

„ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელისგან ასეთი განმარტება არ მიმიღია. პატაკზეც შევეკითხეთ, რადგან ეს ინფორმაცია თქვენგან გავიგეთ და ვკითხე, რატომ არ მოვიდა. თუ მასთან კითხვები დარჩება, აუცილებლად მოუწევს მოსვლა მას შემდეგ, რაც გამოჯანმრთელდება. თუ რა თქმა უნდა, დღეს ავადაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების – გამომძიებელ ირაკლი ფიფიასა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის მოსმენა გრძელდება.

შსს-ში განაცხადეს, რომ დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა ავად გახდა და საგამოძიებო კომისიის სხდომას ამის გამო არ ესწრება.