მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის წარმომადგენლებთან საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა სხვა თემა არ განხილულა, შემდეგი შეხვედრის თარიღიც კი არ გვითქვამს, არათუ რაიმე შეთანხმებაზე შეიძლება დღეს საუბარი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა სხვა საკითხი არ განუხილავთ.
მამუკა მდინარაძე შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მხარეებმა უამრავი ვერსია განიხილეს.
ამასთან, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ არათუ რაიმე შეთანხმებაზე და მის კონტურებზე შეიძლება იყოს დღეს საუბარი, არამედ შემდეგი შეხვედრის თარიღიც კი არ დაუსახელებიათ.
„არანაირი არჩევნები და სხვა თემები, რეალურად, ერთადერთი თემა, რომელიც დღეს შეხვედრის დაორგანიზების დროსაც იყო გახმოვანებული და შემდეგ დღევანდელი შეხვედრის დროს, ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რა მიგვაჩნია სწორად, არასწორად. შეთანხმების პირობებზე ვლაპარაკობდით, მათ შორის გავიხსენეთ ძველი შეთანხმებებიც, რა არ გააკეთეს მათ, არ გაგიკვირდებათ და აქეთაც ჰქონდათ მათ პრეტენზიები. რამდენად სამართლიანი იყო, ამაზე მე ახლა აღარ შევჩერდები. ასეთი აჟიოტაჟის საფუძველი შეხვედრაც ნამდვილად არ ყოფილა, ვერ გაგახარებთ. გუშინ ბადრი ჯაფარიძემ მითხრა, ხვალ ხომ არ შევხვდეთ და შევხვდით დღეს. შემიძლია, გითხრათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იყო მსჯელობა და ერთადერთი თემა იყო დღევანდელი შეხვედრის, სხვა არც ერთი თემა, გარდა საკონსტიტუციო ცვლილებისა, არ განხილულა.
არგუმენტები იყო იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც პირველი მოსმენით უკვე გასულია. საწინააღმდეგო არგუმენტებიც იყო მოტანილი, ოღონდ არა რომელიმე ერთი მხრიდან, ორივე არგუმენტები, პლუსები და მინუსები ორივე მხრიდან იქნა დაყენებული და რაიმე სხვა დეტალიზაცია ახლა არ შემიძლია. თითოეული დეტალის დაკონკრეტება გამოიწვევს აჟიოტაჟს.
უამრავი ვერსია იყო, უამრავი არგუმენტი და საკითხი იქნა დღეს დაყენებული. დეტალების დაკონკრეტებას არ ვაპირებ. არათუ რაიმე შეთანხმებაზე და მის კონტურებზე შეიძლება, იყოს დღეს საუბარი, არამედ შემდეგი შეხვედრის თარიღიც კი არ გვითქვამს. ეს არ იყო ისეთი ოფიციალური შეხვედრა, უბრალოდ გუშინ დავილაპარაკეთ, მოდი, ერთმანეთის აზრები და არგუმენტები გავიგოთ საკონსტიტუციო ცვლილების სხვადასხა დეტალთან მიმართებაში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, პარლამენტში მმართველი გუნდის ლიდერებსა და ოპოზიციას შორის დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და რიგგარეშე არჩევნების საკითხზე იმსჯელეს. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის წინააღმდეგი არ არიან.