მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოინდომა, ბრჭყალებში ჩასმული ციტირება გაესაღებინა, როგორც „დოიჩე ველეს“ პოზიცია
„დოიჩე ველემ“ სტატია ჩაასწორა, რომ ბინძური ინტერპრეტაციის საშუალება არ ყოფილიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი რედაქციის სტატიასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ფორმულირება „მოსკოვის კაცი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერპრეტაციაა, რომელიც მათ საზოგადოებას გახარიას გაპრემიერებიდან მეორე დღესვე შესთავაზეს.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” ინტერპრეტაცია, რომელიც საზოგადოებას პრემიერობის მეორე დღესვე შესთავაზა და მოინდომა, რომ ბრჭყალებში ჩასმული ციტირება გაესაღებინა, თითქოს, ეს იყო „დოიჩე ველეს“ მიდგომა და პოზიცია. მეორე სტატია საერთოდ არ წაიკითხეს, ან წაიკითხეს და არ გაამხილეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ გიორგი გახარიამ კრემლი მკაცრად გააკრიტიკა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა. მოსაზრება გაჩნდა, რომ ეს იყო შეკვეთილი სტატიაც, რაც მყარი ვერსია იყო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ვნახეთ, რომ ბრჭყალებში იყო ჩასმული, რადგან ციტირება იყო ოპოზიციის და ქართული მხარე მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ეს ამბავი ბინძურად გამოიყენეს. „დოიჩე ველემ“ სტატია ჩაასწორა, რომ ასეთი ბინძური ინტერპრეტაციის საშუალება არ ჰქონოდათ. ეს არის მათ ტყუილზე აგებული პიარკამპანიის გაგრძელება, რასაც წლების მანძილზე ვხედავთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ სტატია გამოაქვეყნა სათაურით – „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა“.
მოგვიანებით, „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ სტატია დააკორექტირა. სტატიაში, რომლის სათაურია „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა“, დაზუსტებულია, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ წარსულში ოპოზიციამ უწოდა.