მამუკა მდინარაძე - მხარს დავუჭერთ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას და დავანახებთ საზოგადოებას, პარლამენტში ვის შემოყვანას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა
მამუკა მდინარაძე - მხარს დავუჭერთ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას და დავანახებთ საზოგადოებას, პარლამენტში ვის შემოყვანას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა

ჩვენ მხარს დავუჭერთ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას და კიდევ ერთხელ დავანახებთ საზოგადოებას, პარლამენტში ვის შემოყვანას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის კენჭისყრის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მდინარაძემ განმარტა, ბადრი ბასიშვილის კენჭისყრა არის ფორმალური საკითხი.

„ჩვენ თითქმის საათზე მეტი ველოდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ მოსულიყვნენ და მართალია ფორმალური, მაგრამ თავისი უფლებამოსილება შეესრულებინათ. უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც, როდესაც ერთი დეპუტატი, რომელიმე პარტიის წარდგენილი, ტოვებს პარლამენტის რიგებს, იმის ნაცვლად შემოდის მეორე. ეს ფორმალური საკითხია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ეთანხმება კარლო კოპალიანისა და დაჩი ბერაიას მოსაზრებას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გაბედა და სცხვენიათ, თავის თანაგუნდელთან დაკავშირებით შეასრულონ ფორმალური უფლებამოსილება და ხელი დააჭირონ მწვანე ღილაკს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, როცა ნომერ ხუთს ხაზავენ საარჩევნო ბიულეტენში, ნიშნავს ნიკა მელიას, ბადრი ბასიშვილის და მისნაირების მხარდაჭერას. ამ გადაწყვეტილების რევიზიის უფლება ჩვენ არ გვაქვს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ეს არის ამომრჩევლის ნება. მის რევიზიას ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ამიტომ ფორმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის ჩემი აზრი, შეიძლება არავის უხაროდეს ეს ყველაფერი.  ვეთანხმები კარლო კოპალიანსა და დაჩი ბერაიას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გაბედა და ალბათ სცხვენიათ კიდეც, თავის თანაგუნდელთან დაკავშირებით შეასრულონ ფორმალური უფლებამოსილება და ხელი დააჭირონ მწვანე ღილაკს. ჩვენ განუმარტავთ მათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც დღის წესრიგში არ დგება ხოლმე, რადგან არსებობს პროცედურული დემოკრატია. პროცედურული დემოკრატიის ფარგლებში, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას და კიდევ ერთხელ დავანახებთ საზოგადოებას „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა რას ნიშნავს და ვის შემოყვანას პარლამენტში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა.

ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.

კონსტიტუციის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება, გახდეს.

დეპუტატები ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების საკითხს პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს.

სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და საპარლამენტო ფრაქციები – „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“.

საკითხზე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონვე აცხადებს უარს თავისი პარტიული სიით ნომინირებული კანდიდატის განხილვასა და დამტკიცებაში მონაწილეობაზე.