მამუკა მდინარაძე - გიორგი ვაშაძე საერთოდ გავიდა მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება
გიორგი ვაშაძე საერთოდ გავიდა მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება, პირად შეურაცხყოფაზეა გადასული. მაგალითად, რაც იკადრა პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით, არაფერში ჯდება, არც ეთიკაში, არც ზრდილობაში და საერთოდ არაფერში. მას შეუძლია, გააკრიტიკოს ნებისმიერი ჩვენგანი, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, პირადი შეურაცხყოფა რაში სჭირდება, თავისი ჭკუით, ამით რადიკალიზმის ხარისხს ამძაფრებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით მდინარაძე გამოეხმაურა სახალხო დამცველის არჩევის საკითხთან დაკავშირებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გაკეთებულ განცხადებას.
ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველთან დაკავშირებით ევროკავშირის მე-12 რეკომენდაციის შესრულებაში სამმა რადიკალურმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა.
„პირველი მოსმენისგან განსხვავებით, მათ მხარი აღარ დაუჭირეს, შემდეგ ორმა მათგანმა ალბათ იფიქრა, რომ ეს იყო ძალიან დამაზიანებელი მხოლოდ და მხოლოდ მათთვის, რადგან ქვეყნის დაზიანებაზე ისინი დიდად არ შფოთავენ და არც ზრუნავენ, რომ გამოასწორონ. კარგია, რომ შემოვიდნენ კონსულტაციებზე, სადაც 9-კაციანი სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტებას განვიხილავდით, იქ რამე არსებითი წინააღმდეგობა არ ყოფილა. მგონია, მართალი ვარ, რომ კამერები სადაც არ არის, იქ უფრო მეტი შანსია გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების. ვფიქრობ, რომ 9-კაციანი კომისიის შექმნის შემდეგ, სადაც იქნებიან ადვოკატთა ასოციაციის, თუ სხვადასხვა ინსტიტუტის, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მათი შეფასებების შემდეგ ჩვენ შევძლებთ, შევთანხმდეთ კანდიდატზე, მითუმეტეს ეს ოპტიმიზმი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ არ წარვადგენთ კანდიდატს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია არ გადაწყვეტს, საბოტაჟი მოუწყოს ამ პროცესს, რაც, ჩემი აზრით, პრაქტიკულად გამორიცხულია. ამიტომ „ქართული ოცნება“ პრინციპულად არ წარადგენს კანდიდატს, რათა იყოს მეტი შანსი და მეტი გარანტია ევრორეკომენდაციის შესრულების და საერთო კანდიდატზე ჩამოყალიბების“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ ვაშაძის პოზიცია არის რადიკალიზაციის გაღრმავების კიდევ ერთი დასტურიც და მცდელობაც.
„ვაშაძის მოწოდება არის რადიკალიზმის გაღრმავების მცდელობა. ჩემი შეფასებაა, რომ არ არსებობს არანაირი ხუთი პარტია, რომელიც ამ რადიკალურ მოძრაობაშია ჩართული, არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შედგება „ლელოსგან“ და „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ და პარლამენტის გარეთ არის მოძრაობა „დროა“ და ჯაფარიძის „გირჩი“. ეს ხუთი პარტია აანონსებს პირდაპირ შენობებში შეჭრას, არეულობას, რევოლუციურ სცენარებს, რაც გამორიცხულია ამ ქვეყანაში, ისინი ვერ მიხვდნენ, რომ არ არის 2004 წელი და ეს სახელმწიფო შედგა როგორც იქნა, რაც ძალიან კარგია. მათ ადარდებთ ეს სხვა კუთხით და ვაშაძის პოზიცია არის რადიკალიზაციის გაღრმავების კიდევ ერთი დასტურიც და მცდელობაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.