გიორგი ვაშაძე - თითო კაცი მივა თუ არა პაპუაშვილთან შეხვედრაზე, არ ვიცი, მაგრამ ვინც „ქართულ ოცნებას“ დაეხმარება, რომ მისთვის სასურველი ომბუდსმენის კანდიდატი გაათრიოს, ის აღარ იქნება ოპოზიცია
გიორგი ვაშაძე - თითო კაცი მივა თუ არა პაპუაშვილთან შეხვედრაზე, არ ვიცი, მაგრამ ვინც „ქართულ ოცნებას“ დაეხმარება, რომ მისთვის სასურველი ომბუდსმენის კანდიდატი გაათრიოს, ის აღარ იქნება ოპოზიცია

ვინ ეკითხება შალვა პაპუაშვილს, ვინ უნდა აირჩიონ სახალხოდ დამცველად? – შალვა პაპუაშვილი არის არაფრის მაქნისი მარიონეტი, რომელიც დასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა დავალება შეასრულოს. მასთან ერთ-ორ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი, სადაც ელემენტარულ გადაწყვეტილებებსაც კი ვერ იღებდა შეთანხმების გარეშე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეხვედრებში მონაწილეობას არ აპირებს.

„ამ ადამიანთან შეხვედრა არის სირცხვილი, არც ერთ შემთხვევაში ამ ფარსში მონაწილეობას არ ვიღებთ. კანონით, რომლითაც მათ დამატებითი ბიუროკრატია შემოიტანეს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, ერთადერთ მიზანს ისახავს, როგორმე ჩაშალონ სამოქალაქო სექტორის მიერ ინიცირებული პროცესი. უფრო მეტიც, შვიდი კანდიდატის წარდგენის ვალდებულება რომ გააკეთეს, მიზანია პროცესი ისე ჩაშალონ, რომ მრავალრაუნდიანი ჩაშლა იყოს. როგორც ვიცი, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, ის ფართო ჯგუფი არანაირი დამატებით შეხვედრაში მონაწილეობას არ აპირებს, ასე ვილაპარაკეთ. ოპოზიცია არის ის, ვინც იქ ვიყავით. თითო კაცი მივა თუ არა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე, არ ვიცი, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ ოპოზიციად წოდებული ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ვინც „ქართულ ოცნებას“ დაეხმარება 90 ხმის შევსებაში, რომ მისთვის სასურველი კანდიდატი გაათრიოს, ის აღარ იქნება ოპოზიცია, ეს ტესტის დღეც ძალიან მალე დადგება“, – განაცხადა ვაშაძემ.