მამუკა მდინარაძე - ჩვენს მეგობარ ქვეყანას რადგან ეხება საქმე,  ყველაფერზე უნდა  გავჩუმდეთ? თუ ჩვენ მათ შევეკამათებით, ორი ქვეყნის მეგობრობის ჩარჩოებშიც ჯდება 
მამუკა მდინარაძე - ჩვენს მეგობარ ქვეყანას რადგან ეხება საქმე,  ყველაფერზე უნდა  გავჩუმდეთ? თუ ჩვენ მათ შევეკამათებით, ორი ქვეყნის მეგობრობის ჩარჩოებშიც ჯდება 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, როდესაც რაიმე საკითხზე სტრატეგიული პარტნიორის მისამართით კითხვები ისმება, ეს თავდასხმას არ ნიშნავს.

მისივე თქმით, არსებობდა კითხვები ომის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც კონკრეტული, მკაფიო პასუხები ვერ მიიღეს და ამან თემის გაგრძელება გამოიწვია.

„გახსენდებათ შემთხვევა, რომ რომელიმე პოლიტიკოსმა გამოიყენა ფრაზა – „დასავლეთს უნდა ომი?“ რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანს, ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩს, მასზე საუბარი იყო არა იმ კონტექსტში, რომ მან ასე ქნა ან ისე და ვის უნდა და ვის არ უნდა. ვის რა უნდა, ეგ კიდევ ცალკე საკითხია. კითხვები იყო, რომელ კითხვებზეც, მიუხედავად ჩვენი გულწრფელი რჩევისა, კონკრეტული, მკაფიო პასუხები არ იყო, რამაც შემდეგ ამ თემის გაგრძელება გამოიწვია. ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ, ჩვენი რჩევაც იყო, რომ კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული და მკაფიო პასუხები გასცემოდა, ვისი მხრიდან ამას არ აქვს მნიშვნელობა. რადგან პასუხები არ იყო, ეს თემაც იმიტომ გაგრძელდა. კონკრეტული და მკაფიო პასუხები რომ თავიდანვე ყოფილიყო, თემა არ გაგრძელდებოდა. შესაბამისად, კონკრეტულ თემებზე კონკრეტული და ძალიან მკაფიო პასუხებია საჭირო, რა შემთხვევაშიც გამოირიცხება სპეკულაცია. თუ კითხვები დაისვა, ეს არის თავდასხმა და თუ „ქართული ოცნების“ მიმართ განცხადება გაკეთდა, კრიტიკა ან დაბრალება იქნა, ეს არაფერს არ ნიშნავს.

საქართველოს ხელისუფლებამ თუ მხარი დაუჭირა ვიღაცას და თქვა, რომ კონკრეტულმა ადამიანმა კითხვებს გასცეს პასუხი, ეს აღიქმება თავდასხმად? რადგან საქმე შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩუმდეთ ყველაფერზე? თუ ჩვენ მათ შევეკამათებით, ეს ორი ქვეყნის მეგობრობის ჩარჩოებშიც და სიმართლის დაცვის ჩარჩოებშიც ჯდება. ის, რომ რადგან ჩვენი მეგობარია, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა ამერიკის შეერთებული შტატები, რაც არ უნდა იყოს, კითხვაც არ დავსვათ – ეს არის ფსიქოლოგია, რომელიც არასდროს არც ერთ სუვერენულ ქვეყანას არ გამოადგება და ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა არასდროს ასე არ უნდა იფიქროს. შეგვიძლია, ვურჩიოთ კიდეც, რომ სჯობს, გაეცეს ძალიან კონკრეტული, მკაფიო პასუხები. ის, რომ მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელია და არ გაბედოთ, ჩემი აზრით, ასეთი მონური ფსიქოლოგია ამ ქვეყანაში არავის არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.