მამუკა მდინარაძე - აუცილებლად მივიღებთ კანონს, რომელიც კონსტიტუციური იქნება და მართლმსაჯულების ხარისხს გააუმჯობესებს
ლეგიტიმურ მიზნამდე, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და უფრო მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების განმახორციელებელი, კონსტიტუციის შესაბამისი კანონპროექტით უნდა მიხვიდე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია, გარკვეულ დროში მოსამართლეთა რაოდენობა განახევრდეს მაშინ, როცა მოსახლეობის პრეტენზიაა, რომ მართლმსაჯულება შენელებულია.
„ასეთი კანონპროექტი არ უნდა დარეგისტრირდეს, რაც უნდა სუბიექტური პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდეს რომელიღაც პოლიტიკოსს. თუ ჩვენ ლეგიტიმურ მიზნებამდე მისვლა გვინდა, ეს უნდა მოხდეს ისეთი კანონებით, რომელიც, მაგალითად, უნდა მივიღოთ მეოთხე ტალღის ფარგლებში, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ერთად“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, მმართველი გუნდი აუცილებლად მივა ლეგიტიმურ მიზნამდე კანონით, რომელიც კონსტიტუციურიც იქნება და მიზანშეწონილიც. ასევე სასამართლოში ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს და არა შეფერხებას.
დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.