მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.
მდინარაძის თქმით, ასევე განიხილება, რომ პარტიის პოლიტიკური მდივნის ადგილს დაიკავებს ირაკლი კობახიძე.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, პირველ თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა და დამტკიცდება ცვლილებები.
„პოლიტსაბჭოს მიერ მოწვეული იქნა ყრილობა, რომელიც გაიმართება პირველ თებერვალს და დამტკიცდება ცვლილებები. რაში მდგომარეობს ცვლილებები: პოლიტსაბჭო ირაკლი ღარიბაშვილს წარადგენს და უკვე წარდგენილია პარტიის თავმჯდომარედ, რადგან პარტიის თავმჯდომარე ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე უკვე აღარ არის. შესაბამისად, ჩვენ ასევე გვაქვს ასეთი მონახაზი და ესეც აღსრულებაში მოვა პარტიის ხელმძღვანელი რგოლის მიერ – მის ადგილს პოლიტსაბჭოში, სამდივნოში, როგორც პოლიტიკური მდივნის ადგილს დაიკავებს ირაკლი კობახიძე. რაც შეეხება პრემიერის თანამდებობას, გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, ამას დაგიდასტურებთ. ბატონმა ირაკლიმაც (ღარიბაშვილმა) შეგნებულად არ ახსენა ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი, ეს ფორმალობა რეალურ ასპექტში დასაცავია. ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც, პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ჩვენი პარტიის წესდების მიხედვით, წარუდგენს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ხდება კანდიდატი. შემდეგ ის უკვე წარედგინება პარლამენტს პარტიის თავმჯდომარის ხელის მოწერით და პარლამენტში გაიმართება ჯერ კომიტეტების სხდომები, შემდეგ მთავრობის შემადგენლობა, კანდიდატის ხელმძღვანელობით, შეხვდება როგორც ოპოზიციას, ისე უმრავლესობას. ამის შემდეგ ხდება პარლამენტის მიერ კენჭისყრა მთავრობის შემადგენლობისთვის, მის მეთაურთან ერთად. ყველა ეს პროცედურა, როგორც პარტიული წესდებით გათვალისწინებული, არის დასაცავი. წინასწარ საუბარი, რომ კანდიდატი დღეს არის ვინმე, თუნდაც ამ ფორმალური თვალსაზრისით არ არის მიზანშეწოლნილი. ადამიანი კანდიდატი იქნება მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭოს წარუდგენს პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პოლიტსაბჭო დაამტკიცებს და ამის შემდეგ ყრილობაც თავის მოწონებას, მხარდაჭერას დააფიქსირებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.