ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომლებსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიეთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პიერიოდში ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდეობაზე მუშაობა. ჯამში, ყველაზე მეტხანს, ხუთი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა, მით უმეტეს, რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ. შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.

ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოდან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.

არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოზე განვიხილეთ შესაძლებლობაც, რომ თანამდებობაზე ზაფხულში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს.

ჩემთვის კი დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო მუშაობა პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობასა და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშომლებს, ყველა საჯარო მოხელეს.

თანამდგომისთვის განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მექნება შესაძლებლობა მეტი დრო დავუთმო ოჯახს.

მშვიდობას, კეთილდღეობასა და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას პირველად 2013-2015 წლებში იკავებდა. 2015 წლის 30 დეკემბერს მან თანამდებობა დატოვა და მთავრობაში 2019 წელს თავდაცვის მინისტრის რანგში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ კი, 2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.