მამუკა ხაზარაძე - წერილის პირველი ექსპერტიზა დამთავრდა საკმაოდ სერიოზული შედეგებით, რაზეც ადვოკატები ისაუბრებენ
წერილი მიუთითებს, რამდენად მახინჯი, კრიმინალური აზროვნების სტრუქტურებთან გვაქვს საქმე სახელმწიფოში და თანამდებობის პირებთან, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მისი მტკიცებით, გიორგი გახარიასგან მიიღო.
„იცით, რომ ჩვენმა ადვოკატმა ლონდონიდან ჩამოიტანა პასუხი. პირველი ექსპერტიზა დამთავრდა საკმაოდ სერიოზული შედეგებით, ამას ადვოკატები გაამჟღავნებენ და იტყვიან. ასევე გრძელდება სხვა ტიპის ექსპერტიზა და იმედია, პროკურატურაში საქმე თავიდან აღიძვრება. მათ ჰქონდათ საფუძველი, საქმე აღეძრათ. თებერვალში ეს არ გააკეთეს. ჩათვალეს, რომ ეს იყო ვიღაცის მიერ დაწერილი წერილი. ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული რამ არის. წერილი მიუთითებს, რამდენად მახინჯი და რამდენად კრიმინალური აზროვნების სტრუქტურებთან გვაქვს საქმე სახელმწიფოში და თანამდებობის პირებთან. ჩვენ ამას გამოვავლენთ და საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.