მამუკა ხაზარაძე არაკონდიცირებული საწვავის შემოტანის აკრძალვას ითხოვს
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას, საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, ასევე დადებით ტენდენციებს.
მისი თქმით, პრემიერისთვის წარდგენილ კვლევაში, რომელიც ჩატარდა საქართველოს ბიზნესასოციაციაში, ობიექტურად იყო ნაჩვენები ის დადებითი მხარეები, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მოხდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო წლების გამოწვევებსაც.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა დადებით ტენდენციებსაც და აღნიშნა რეფორმები, მათ შორის მოგების გადასახადის რეფორმა, ასევე საპენსიო რეფორმა.
„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა. პირადად მე დავაყენე საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ეკოლოგიას და იმ მდგომარეობას, რომელშიც ძირითადად ქვეყნის დიდი ქალაქებია. მოვითხოვე აიკრძალოს ქვეყანაში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა, კერძოდ საუბარია დიზელის საწვავზე, რომელიც პრაქტიკულად ქალაქებში, კერძოდ თბილისში, ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი გამომწვევია. ქალაქის დაბინძურების 67% საწვავზე მოდის. დაგვპირდნენ, რომ ეს საკითხი გადაიჭრება. იმედია, ვიხილავთ საკმაოდ მკაცრ ნაბიჯებს ეკოლოგიის მიმართულებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა.
ღონისძიებას, ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად, დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ესწრებოდა.
დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს კვლევის – “საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“ შედეგები გააცნეს.