გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წევრებს მიმართა - ხანგრძლივი საუბრით არ დავიკავებ დროს, თქვენ მოსასმენად ვარ მოსული
გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წევრებს მიმართა - ხანგრძლივი საუბრით არ დავიკავებ დროს, თქვენ მოსასმენად ვარ მოსული

დღეს მოსასმენად ვარ მოსული, ვიდრე სასაუბროდ, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წევრებს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთლიანობაში მაკროეკონომიკური პარამეტრებით 2017 წელი საკმაოდ წარმატებულად დაიხურა, დაგეგმილზე მაღალი პარამეტრები იყო, როგორც ზრდის მაჩვენებლებით მთლიანი შიდა პროდუქტის, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის, ექსპორტის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

“წელს პირველად ვხვდები ბიზნესის წარმომადგენლებს. მინდა, გისურვოთ წარმატებული 2018 წელი. ხანგრძლივი საუბრით არ დავიკავებ დროს, მოსასმენად ვარ მოსული, ვიდრე სასაუბროდ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სუვერენული ბალანსი ძალიან გაჯანსაღდა. ერთი რამ მინდა გაცნობოთ, რომ თავისუფალი ბიუჯეტის ინდექსით ჩვენ ხუთეულში შევედით, ეს ორი დღის ამბავია. ფინანსთა მინისტრი სწორედ ამიტომ იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის მოსალოცია, რადგან 100-ზე მეტი ქვეყნის რანგირება ხდება და საქართველო არის მეხუთე ადგილზე მსოფლიოში. ეს სრულიად ახალი ამბავია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესასოციაციის წევრებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე წარუდგინა.

“ირაკლი ლექვინაძეს აქვს გამოცდილება ბიზნესსუბიექტებთან ურთიერთობაში. მოგიწოდოთ ყველას, რომ ვიყოთ მაქსიმალურად გულწრფელნი და გახსნილები მასთან კომუნიკაციაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება. ღონისძიებას, ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად, დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ესწრება.

დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები მთავრობის მეთაურსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს კვლევის  – “საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“ შედეგებს გააცნობენ.