მამუკა ხაზარაძე - დადასტურებულად არ ვიცი, სააკაშვილი არის თუ არა საქართველოში, თუ ეს ასეა, ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს
დადასტურებულად არ ვიცი, სააკაშვილი არის თუ არა საქართველოში, თუ ეს ასეა, ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყალს დაასხამს.
ამასთან, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ქართველი ხალხი ბრძენია და ხვალ ცვლილებებს მისცემს ხმას.
„დადასტურებულად არ ვიცი, ბატონი სააკაშვილი საქართველოშია თუ არა, მეც როგორც თქვენ, ვნახე გავრცელებული ვიდეო შეხვედრაზე. თუ ეს ასეა, ეს არის იმის დადასტურება, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურა, არც საზღვარი, არც შსს, არც უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უსმენს სამღვდელოებას, თქვენ, მშვიდობიან მოქალაქეებს. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია. მინდა, რომ დაველოდო ზუსტ ინფორმაციას და ამის მერე გავაკეთო კომენტარი.
ვფიქრობ, პოლიტიკური მოვლენები ხვალ არის თითოეული ჩვენგანის ხელში და რა თქმა უნდა, მისი ამ მომენტში ჩამოსვლა „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყალს დაასხამს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ქართველი ხალხი არის ბრძენი და ქართველი ხალხი ხმას მისცემს ცვლილებებსა და ალტერნატივას. ალტერნატივა ვართ ჩვენ, „ლელო“. ამიტომ, დაგვიჭირეთ მხარი ჩვენ, თუ გვინდა, ქვეყანა განვითარდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.