მამუკა ბახტაძემ თურქეთის ახალ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.
ფინანსთა მინისტრმა თურქ დიპლომატს მიულოცა საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და რეგიონულ პროექტებში პარტნიორობის მნიშვნელობას, საქართველოსა და თურქეთის, როგორც ტრანზიტული ფუნქციის განმახორციელებელი ქვეყნების როლის ამაღლებას რეგიონში. მხარეებმა, ასევე, განიხილეს საბაჟო სფეროში თანამშრომლობის, საბაჟო-გამშვები პუნქტების ეფექტური მართვის საკითხები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქნილი და თანამედროვე საბაჟო პროცედურების განვითარება ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, სატრანსპორტო და ტურისტული ნაკადების ზრდისთვის.
როგორც აღინიშნა, საბაჟო სფეროში აქტიურად თანამშრომლებენ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საბაჟო ადმინისტრაციები, რაც ხელს შეუწყობს ახალი რეგიონული ინიციატივების ჩამოყალიბებას, სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას თანამედროვე საბაჟო კონტროლის მექანიზმების დანერგვის გზით.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, გააცნო ის რეფორმები და ინიციატივები, რომელი დაგეგმილია ფინანსთა სამინისტროში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ციფრული საბაჟოს განვითარების მიმართულებაზე, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელებისთვის საბაჟოზე არსებული ყველა სერვისის მიწოდება შესაძლებელი გახდება ელექტრონულად, რაც როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნეს სექტორს მნიშვნელოვნად შეუმცირებს ბიზნესს საგადასახადო/საბაჟო ადმინისტრირების დანახარჯებს.
თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაციისთვის და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.