მამუკა ბახტაძე - უმაღლესი განათლების მიმართულებით დაფინანსების ახალი მოდელი დაინერგება, ასევე განვითარდება პროფესიული განათლების ცენტრები
განათლების რეფორმაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება პროფესიული განათლებაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას განაცხდა.
მისი თქმით, ეს რეგიონული განვითარების საჭიროებებსა და სწრაფ დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული.
„ჩვენი ამოცანა იქნება, უმოკლეს პერიოდში გავზარდოთ სტუდენტების რაოდენობა რეგიონებში და განვავითაროთ პროფესიული განათლების ცენტრები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, მისი თქმით, საქართველოში უმაღლესი განათლების მიმართულებით დაფინანსების ახალი მოდელი დაინერგება.
„უმაღლესი განათლების მიმართულებით გვექნება დაფინანსების ახალი მოდელი, მოხდება ინტეგრაცია ევროპულ უმაღლესი განვითარების სივრცეში. როდესაც საქართველოს რეგიონული განვითარების ცენტრზე ვსაუბრობთ, სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ის, რა ისტორიული როლიც აქვს საქართველოს, იყოს რეგიონის ცენტრი და ამავე დროს, იყოს განათლების ცენტრი ჩვენი ფართო რეგიონისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
განათლების რეფორმა ხუთი მიმართულებით განხორციელდება: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.