მამუკა ბახტაძე - საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მოკლე ვადაში შეცვლის თავის ავტოპარკს ელექტრომობილებით
საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედი ავტოპარკის 90 პროცენტი ელექტრომობილებით შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკის” ინიციატივის პირველი ეტაპის, „მწვანე პოლიტიკა -ეკოტრანსპორტი” პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავს მოკლე ვადაში შეცვლის თავის ავტოპარკს ელექტრომობილებით.
„ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, მაგრამ ამავე დროს, დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს და დიდ ღირებულებას შესძენს ჩვენს ეკონომიკას. ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა მივეცით ელექტროტრანსპორტს, შიდა წვის ძრავიან მანქანებთან შედარებით. განბაჟება ფაქტობრივად გახდა ნულოვანი. ნაბიჯ-ნაბიჯ კიდევ უფრო გავზრდით სხვაობას განბაჟების ნაწილში ელექტროტრანსპორტსა და ტრადიციულ ავტომობილებს შორის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, განვითარდება ინფრასტრუქტურა, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს და ხელს შეუწყობს ელექტროავტომობილების შემოტანით მოქალაქეთა დაინტერესებას.
მისივე თქმით, სტიმული მიეცემა სალიზინგო სქემების ამოქმედებას.
„ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტობრივად, იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, 5-წლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, დამატებითი ხარჯების გარეშე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივის – „მწვანე პოლიტიკის” სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის „მწვანე პოლიტიკა -ეკოტრანსპორტი” პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა. პრეზენტაციას მთავრობის წევრები, დიპლომატები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.