მამუკა ბახტაძე - საქართველო ცდილობს, არ გაზარდოს სახელმწიფო ვალი და მეტი კერძო ინვესტორი მოიზიდოს
საქართველო ცდილობს, არ გაზარდოს სახელმწიფო ვალი და ისტორიული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მეტი კერძო ინვესტორი მოიზიდოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.
დისკუსიაზე – „ევრაზია ახალ გლობალურ კონტექსტში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს კითხვა ტექნოლოგიურ განვითარებასთან დაკავშირებით დაუსვეს.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, უნდა განახლდეს და შეიქმნას ახალი ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო სისტემა კი, უფრო კონკურენტული უნდა გახდეს.
„ამავე დროს, ვეძებთ კერძო სექტორიდან წამოსულ პროექტებს. გვჯერა, კერძო სექტორს შეუძლია ყველაზე ეფექტიანად ამ პროექტების განხორციელება. ვცდილობთ, არ გავზარდოთ სახელმწიფო ვალი და მოვიზიდოთ სულ უფრო მეტი კერძო ინვესტორი, რომელიც განახორციელებს ამ ისტორიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ასევე, საქართველო ცდილობს, იყოს უფრო მიმზიდველი ინვესტორებისთვის მაღალი ტექნოლოგიების სფეროში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობამ დაგეგმა კრეატიული რეფორმა, რომელსაც წლის მეორე ნახევარში დაიწყებს.
„ვფიქრობ, თავად რეგიონს სჭირდება დივერსიფიცირება და ამ მხრივ, საქართველო არის კარგი მაგალითი, რადგან ბოლო წლებში ჩვენ შევძელით ეკონომიკის დივერსიფიცირება. სამწუხაროდ, ჩვენი ბევრი მეზობელი ჯერ კიდევ ძალიან დამოკიდებულია პროდუქტების ფასებზე. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია, იყოს ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ დივერსიფიცირება არის სწორი პოლიტიკა. ძალიან მოხარული ვარ, როდესაც მეზობელი ქვეყნებიდან კოლეგები გვთხოვენ, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება რეფორმებში, რომლებიც საქართველოში უკვე განვახორციელეთ “,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დისკუსიაზე ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობის შესახებ კითხვაზე პასუხისას განათლების სისტემის რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება.
„ვეთანხმები, რომ ყველა სახელმწიფოსთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება მნიშვნელოვანია. საქართველოში ჩვენ ვიწყებთ განათლების სფეროს ახალ რეფორმას, რომლის მიზანია, განათლების სფერო გახდეს დომინანტური ეკონომიკაში. ბიზნესის კეთების მსოფლიო რეიტინგში მეექვსე ადგილს ვიკავებთ და ვიმედოვნებ, ამ რეფორმით, გარკვეული დროის შემდეგ, ადამიანური კაპიტალის ინდექსშიც გვექნება მიღწევები“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი შეფასებით, რეგიონს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, რომელიც მსოფლიო ეკონომიკისთვის უნდა გაიხსნას, რათა ეკონომიკური ზრდა უფრო მდგრადი გახდეს.
„დარწმუნებული ვარ, რეგიონს აქვს ყველა წინაპირობა, რომ გახდეს ევრაზიის კონტინენტის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ დისკუსიის მსვლელობისას.