მამუკა ბახტაძე - სამწუხაროდ, მახათას მთაზე აუდიო და ვიდეო გადაცემისას შეიქმნა ტექნიკური პრობლემა
სამწუხაროდ, მახათას მთაზე აუდიო და ვიდეო გადაცემისას შეიქმნა ტექნიკური პრობლემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
კითხვაზე, ხომ არ იყო ეს მიზანმიმართული ქმედება, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა:
„ამ მომენტისთვის ვერაფერს დაგიდასტურებთ, გავერკვევით და გეტყვით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„მე მქონდა და მაქვს გულითადი სურვილი, გადავცე ჩემი ემოცია და დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ჩვენს საზოგადოებას. კიდევ ერთხელ მსურს, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე. დღევანდელი დღე მართლაც არის განსაკუთრებული ჩვენი ერის ისტორიაში. აღვნიშნავთ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს. ამასთან, დღეს აღევლინა ლოცვა ძალიან მნიშვნელოვან ტაძარში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, რომელიც აშენდა მთელი ერის მიერ. ამასთან, იცით, რომ დღეს აღვნიშნავთ მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს და იმედის დღეს. მსურს, საზოგადოებას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს კიდევ ერთხელ მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული.
დღევანდელი დღე არის იმის მაგალითი, რომ როდესაც ერს აქვს სულისკვეთება, როდესაც არის თითოეული ადამიანის ძალისხმევის გაერთიანება, შეგვიძლია ბევრი რამის გაკეთება. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ამავე დროს ძალიან სასიხარულოა, რომ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ საგანმანათლებლო-კულტურული მუზეუმის მშენებლობას და ამასთან ერთად, ამავე დროს ავაშენებთ სამეცნიერო კვლევით ცენტრსაც. საგანმანათლებლო-კულტურულ მუზეუმში შესაძლებლობა იქნება, დემონსტრირება მოვახდინოთ ყველაზე დიდი სიმდიდრის, რაც ჩვენს გვაქვს, ეს არის ჩვენი ეროვნული საგანძური. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის რეალიზაციის შედეგად მახათას მთა თითოეული ქართველისთვის გადაიქცევა ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნაობად და ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.