ჯუანშერ ბურჭულაძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს [ფოტო]
ჯუანშერ ბურჭულაძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს [ფოტო]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება.

პროექტის მიხედვით, მახათას მთაზე შვიდსართულიანი 39 კორპუსი აშენდება, რომელშიც 1 092 ბინა განთავსდება.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ამხანაგობა. ამხანაგობის მონაწილეები არიან თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურეები. მისი თქმით, 2022 წლის ბოლოსთვის, სამხედროები „ჯარის ქალაქში“ თეთრი კარკასის მდგომარეობით 50მ2, 80მ2 და 110მ2-იანი საცხოვრებელი ფართის შეძენას, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით მიიღებენ.

„ძალიან მასშტაბური მშენებლობაა. ხელშეკრულების თანახმად, 2022 წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ აღნიშნული ობიექტი, თუმცა ვგეგმავთ, რომ მომავალი წლის ზაფხულის ბოლომდე, ოთხი თვით ადრე დავასრულებთ მიმდინარე მშენებლობას. როგორც იცით, კვადრატულ მეტრში სამხედრო მოსამსახურე იხდის ფიქსირებულ 100 დოლარს. საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, გაცილებით იაფად ვაშენებთ. ეს თანადაფინანსება ყოველთვიურად ხელფასიდან ეჭრებათ სამხედრო მოსამსახურეებს. ბინები გვაქვს სამი კატეგორიის, რაც დამოკიდებულია ოჯახის წევრების რაოდენობაზე“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ამასთან, „ჯარის ქალაქში“ მოეწყობა ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები, შიდა გზები, რეკრეაციული და პარკირების ზონები.

მახათას მთაზე ჯარისთვის ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. 5 ოქტომბერს მშენებლობისთვის საძირკველი პრემიერ-მინისტრმა და მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედროების ბავშვებთან ერთად, სიმბოლურად, კაფსულის ჩადებით აღნიშნეს.