მამუკა ბახტაძე - სამწუხაროდ, ერთ დროს ძლიერი ქართული ფლოტის გემები ჯართის ფასად გაიყიდა, დღეს ეს გემები სხვა სახელმწიფოების დროშის ქვეშ ცურავს
იყო მეზღვაური ნიშნავს, იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ვაჟკაცური პროფესიის წარმომადგენელი. ქართველი მეზღვაურები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სიმამაცითა და რთულ სიტუაციებში გონივრული გადაწყვეტილებების მიღებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა ქართველ მეზღვაურებს, საზღვაო სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, პროფესორ-მასწავლებლებს და საზღვაო სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა მათ განსაკუთრებულ ღვაწლს საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში.
„ყველამ კარგად ვიცით, რა საფრთხეებსა და გამოწვევებთანაა დაკავშირეული თქვენი პროფესია. მინდა, განსაკუთრებული სითბოთი მივულოცო ჩვენს ღვაწლმოსილ მეზღვაურებს, მინდა გადავუხადო მადლობა თითოეულ ქართველ მეზღვაურს იმ ძალიან მნიშვნელოვანი შენატანისთვის, რასაც თქვენ ჩვენი ეკონომიკისთვის აკეთებთ. თქვენი შენატანი ჩვენს ეკონომიკაში ყოველწლიურად, 400 მლნ ლარზე მეტია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას კიდევ უფრო განმტკიცება და განვითარება სჭირდება. ძალიან მიხარია, რომ თქვენი პროფესია უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჩვენს ახალგაზრდებში. ჩვენ ყველა წამყვან სახელმწიფოსთან, მათ შორის ევროკავშირის 17 ქვეყანასთან გაფორმებული გვაქვს შესაბამისი მემორანდუმი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თქვენი პროფესია წარმოაჩინოთ მსოფლიოს ყველა წერტილში. დღეს, საქართველოს საზღვაო სასწავლებლების ისტორიაში პირველად, საერთაშორისო ცურვაში სიმბოლურად გავუშვებთ ბათუმის სასწავლებლის გემს, სახელწოდებით „კადეტი”. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ ყველა საერთაშორისო სტანდარტი და ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ ის პრობლემა, რასაც ერქვა ჩვენი მეზღვაურებისთვის საერთაშორისო სერტიფიცირების პროცედურა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამავე დროს იმისთვის, რომ ჩვენს სასწავლებლებში მოვიზიდოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღეს მთავარი ამოცანაა, ქვეყნის ეკონომიკის უფრო ეფექტურად ინტეგრირება მსოფლიოს გლობალურ ეკონომიკაში და შესაბამისად, როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ტრანსპორტის პროფესიების განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
“ჩვენ ჩვენი მთავრობის აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ განათლება და გპირდებით, განათლების სტრატეგიაში თქვენს პროფესიას ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ექნება. თქვენი პროფესია ჩვენ უნდა გავხადოთ კიდევ უფრო პრესტიჟული და ხელმისაწვდომი.ძალიან მოხარულნი ვართ, რომ აჭარაში, ისევე როგორც ჩვენს სხვა რეგიონებში იზრდება ინტერესი მეზღვაურობის მიმართ, რაც კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ. სამწუხაროდ, ერთ დროს ძლიერი ქართული ფლოტი დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს. მე კარგად მახსოვს მაშინდელი არგუმენტი, რომ ეს გემები, ფაქტობრივად ჯართში იყო ჩასაბარებელი და ამ ფასადაც გაიყიდა ისინი, მაგრამ დღეს ეს გემები სხვა სახელმწიფოების დროშის ქვეშ ცურავს. ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული მოცემულობა თითოეული ჩვენგანისთვის. ამას უნდა დავუპირისპიროთ ძალიან ეფექტური, მიზანზე ორიენტირებული პოლიტიკა და ნაბიჯ-ნაბიჯ განვავითაროთ ჩვენი საკუთარი ფლოტი. აქედან გამომდინარე, თქვენს პროფესიას კიდევ უფრო მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ციფრული ტექნოლოგიები განვავითაროთ ჩვენს ნავსადგურებშიც. ერთხელ და სამუდამოდ წარსულში უნდა დარჩეს ის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ბიუროკრატიული მიზეზის გამო გემებს უხდებოდათ მოცდენა ქართულ ნავსადგურებში. ეს მიუღებელია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა გემი „კადეტი” დაათვალიერა, რომელიც მეზღვაურთა დღეს სიმბოლურად საერთაშორისო ცურვაში გაემგზავრა