მამუკა ბახტაძე - საჯარო სამსახურის რეფორმა დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო წარმატებული ვიყოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე
საჯარო მმართველობის სისტემის გამართული მუშაობა არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომ სახელმწიფო იყოს წარმატებული და ორიენტირებული იყოს განვითარებასა და წინსვლაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
როგორც პრემიერმა, საჯარო სამსახურის რეფორმის დანერგვის საკითხთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა, ამაზე დგას მთელი დემოკრატიული სამყარო.
„ამ შედეგის დროულად მისაღწევად, საჯარო სამსახურის რეფორმირების მიზნით მიღებულ იქნა კანონი, რომელიც ქმნის ერთიანი, პროფესიული, მერიტოკრატულ პრინციპზე დაფუძნებული, პოლიტიკისაგან თავისუფალი საჯარო სამსახურის განმტკიცებისათვის მნიშვნელოვან საფუძველს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ილია ჭავჭავაძემ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში საუკეთესოდ ჩამოაყალიბა თანამედროვე საჯარო ადმინისტრირების პრინციპები და ზუსტად ასახა სახელმწიფოს მმართველობისა და საჯარო ადმინისტრაციის ავტორიტეტისათვის კომპეტენტური საჯარო მოხელეების განსაკუთრებული მნიშვნელობა.
„ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში სწორედ პროფესიული საჯარო მოხელე არის ის მთავარი საყრდენი და ბირთვი, რომელიც ინახავს ინსტიტუციონალურ მეხსიერებას, დარგობრივ ცოდნას და არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი დასაყრდენი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საჯარო მმართველობის რეფორმა და მისი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი – საჯარო სამსახურის რეფორმა უწყვეტი და ხანგრძლივი პროცესია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, საჭირო და აუცილებელია საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საჯარო დაწესებულებებისა და თავად საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მხრიდან რეფორმის მხარდაჭერა და ცხოვრებაში გატარება, რაც მისი შეფასებით, აუცილებლად გამოიღებს მნიშვნელოვან და ხელშესახებ შედეგს.
„მინდა მოგიწოდოთ, მხარი დავუჭიროთ საჯარო სამსახურში კვალიფიკაციის ამაღლებას და მოხელეთა გადამზადებას მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გასაზრდელად, რაც კვლავ და მუდამ პრიორიტეტად რჩება ჩვენი მთავრობისთვის. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი დახმარება და კონტრიბუცია, რომელსაც დონორი ორგანიზაციები ახორციელებენ საჯარო სამსახურის რეფორმის პოპულარიზაციის მიზნით და ბევრი მათგანი დღევანდელ შეხვედრაზე გვესწრება და მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო მათ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელების საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით პარტნიორ ორგანიზაციებს: გაერო-ს განვითარების პროგრამას, შვედეთის მთავრობას, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UKaid-ს, დანიის მთავრობას, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, USAID-ს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა და ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამას.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს ამ დახმარებისთვის და ვუთხრა, რომ ის პარტნიორობა, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს შორის, არის მართლაც სამაგალითო და რეალური შედეგის მომტანი საქართველოსთვის. საჯარო სამსახურის რეფორმა წინ გადადგმული ნაბიჯია ამავე დროს იმისთვის, რომ საქართველო იყოს კიდევ უფრო წარმატებული ჩვენს საგარეო პრიორიტეტებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ ევროკავშირთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ევროპასთან ასოცირების შეთანხმება ამ რეფორმის განხორციელების ვალდებულებასაც ითვალისწინებს და ამავე დროს, ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
„დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო პარტნიორები ნათლად ხედავენ იმ ძალისხმევას, რაც გვაქვს, რომ ეს რეფორმა გავხადოთ სამაგალითო და ყველაზე წარმატებული“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრი ინიციატივთ გამოვიდა, საქართველოში პროფესიული საჯარო მოხელის დღე დაწესდეს.