მამუკა ბახტაძე ინიციატივით გამოდის, საქართველოში პროფესიული საჯარო მოხელის დღე დაწესდეს
მამუკა ბახტაძე ინიციატივით გამოდის, საქართველოში პროფესიული საჯარო მოხელის დღე დაწესდეს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში პროფესიული საჯარო მოხელის დღის დაწესების  ინიციატივით გამოდის.

როგორც მან საჯარო სამსახურის რეფორმის დანერგვის საკითხთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ეს ბევრ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია.

„ინიციატივა გულისხმობს, რომ დავაწესოთ პროფესიული საჯარო მოხელის დღე. უნდა დავაფასოთ ღვაწლმოსილი ადამიანები, რომლებიც მრავალი წელია, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში დგანან და მაღალი პროფესიონალიზმით, პატრიოტიზმითა და გამორჩეული დარგობრივი ცოდნით, თავიანთ აგურს დებენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ამ ხალხის ღვაწლს ქართული სახელმწიფოს წინაშე მუდამ ხაზი უნდა გაესვას.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, ჩემი მიზანია, პროფესიული საჯარო მოხელე, როგორც ინსტიტუტი, დაფასებული და მიმზიდველი გახდეს ჩვენს ქვეყანაში, რადგან სწორედ მოხელეთა ცოდნა, პროფესიონალიზმი და კარიერული ზრდით მოპოვებული გამოცდილება სჭირდება იმ მნიშვნელოვანი დარგობრივი რეფორმების განხორციელებას, რომელსაც ჩვენი მთავრობა გეგმავს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე შეფასებით, საჯარო მოხელე სახელმწიფოს უწყვეტი ფუნქციონირების დასაყრდენია და შესაბამისად, მათი პროფესიული ღვაწლის დაფასება და მხარდაჭერა ვალდებულება და პრიორიტეტია.