მამუკა ბახტაძე - საგადასახადო ინიციატივებზე რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სოციალური ქსელით მივიღეთ
საგადასახადო ინიციატივებთან დაკავშირებით რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი მე და ჩემმა გუნდმა სწორედ სოციალური ქსელის მეშვეობით მივიღეთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე კამპანიის დაფინანსებაზე დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით განუცხადა.
“ვინ აფინანსებს ჩემი სოციალური ქსელის კამპანიას? ეს ჩემი პირადი გვერდია, რომელსაც მე ვმართავ და ეს ჩემი პირადი ინიციატივაა. მე, როგორც საჯარო პოლიტიკოსს, ვფიქრობ, მაქვს ამის არამარტო უფლება, არამედ ვალდებულება. მინდა ყველას შეგახსენოთ, საგადასახადო ინიციატივებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი რეკომენდაციების პირადად მე და ჩემმა გუნდმა, სწორედ სოციალური ქსელის მეშვეობით მივიღეთ ჩვენი ამომრჩევლებისგან, მეწარმეებისგან, თუ როგორ უნდა დაგვეხვეწა ინიციატივები, რომლებიც დღეს იქნა წარდგენილი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ეს არის უკუკავშირი ამომრჩევლებთან, ბიზნესთან და იმ მეწარმეებთან, რომლებსაც აქვთ ინიციატივები, თუ როგორ შეიძლება საქართველოში ბიზნესგარემო კიდევ უფრო კონკურენტული გახდეს.
საგადასახადო რეფორმის ფარგლებში ფინანსთა მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე ექვსი ინიციატივა წარადგინა.