მამუკა ბახტაძე - ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტად რჩება
ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტად რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენში ნატო-ს გაფართოების საკითხებზე გამართულ პარალელურ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი საკუთარ მომავალს ევროპისა და ნატო-ს ფარგლებში ხედავს.
„ეს არის ჩვენი არჩევანი და ის ზიარ ფასეულობებს ეფუძნება, ისევე როგორც საზოგადოების ძალიან მაღალ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
საკუთარ მომავალს ევროპისა და ნატო-ს ფარგლებში ვხედავთ და ჩემი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ამ პროცესში კიდევ უფრო დავწინაურდეთ. ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ დიდი გზა გავიარეთ.
დღეს საქართველო სტაბილური დემოკრატიაა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებითა და თავისუფალი მედიით. ჩვენი რეფორმები ფართოდ მიიჩნევა სამაგალითოდ და ჩვენი პარტნიორები მოიხსენიებენ საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციებზე მყოფ სახელმწიფოს. ჩვენი თავდაცვის ძალები ნატო-სთან თავსებადობის მაღალ ნიშნულზეა. ალიანსისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით ვაგრძელებთ თავდაცვისუნარიანობის შემდგომ გაძლიერებას. ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის და სანდო პარტნიორის რანგში, საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც საქართველოს პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატო-ს ინტერესებშია ქვეყანა მიუახლოვოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს.
მისი თქმით, უკვე დროა, ამ მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები, რადგან ამის „შესაძლებლობათა ფანჯარა“ არის ღია.
„მტკიცე იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მიღწევები გარდაიქმნება ხელშესახებ ნაბიჯებად და საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ნატო-ში გაწევრიანებას. მოკავშირეების თანახმად, საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია საბოლოო გაწევრიანებისთვის. ყოვლისმომცველ პოლიტიკურ დიალოგს ვაწარმოებთ ნატო-სთან. წლების განმავლობაში შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა ბევრი მიმართულებით. ამავდროულად, წინ უნდა გავიხედოთ და დავაჩქაროთ ჩვენი ინტეგრაციის პოლიტიკური ნაწილი.
საქართველოს ნატო-სთან კიდევ უფრო მეტი სიახლოვე დაგვეხმარება ევრო-ატლანტიკურ სივრცეში საერთო უსაფრთხოების მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში, რაც თანაბრად შეეხება ნატო-ს წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს. საქართველო არის შავი ზღვისა და უფრო ფართო ევრო-ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების უცილობელი ელემენტი. ქვეყნის მნიშვნელობა გაიზრდება მხოლოდ რეგიონული პროექტების განხორციელების კვალობაზე, რაც ამჟამად ინიცირდება.
ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატო-ს ინტერესებშია ქვეყანა მიუახლოვოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს. ჩვენი მოსაზრებით, დროა ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით, რადგან ამის “შესაძლებლობათა ფანჯარა” ღიაა. ყოყმანი არ დაგვეხმარება გამოწვევებთან გამკლავებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, ნატო-ს გაფართოება ევროპაში კიდევ უფრო მეტად გაზრდილი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყველაზე გამართლებული ვარიანტია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს შესაშური ძალისხმევა ამის ძალიან მყარ საფუძველს იძლევა. მამუკა ბახტაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად შესაძლებელია გზების პოვნა არსებული გამოწვევების გადასალახად, რათა საქართველოს გაწევრიანების პროცესი მნიშვნელოვნად ავიდეს უფრო მაღალ და მდგრად დონეზე.
„განვმეორდები და ვიტყვი, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების არჩევანი არ არის მხოლოდ პოლიტიკური. ეს ჩემი ერის ცივილიზაციური არჩევანია. ეს არის ღირებულებებით გაჯერებული არჩევანი. მადლობა საქართველოს ძლიერი მეგობრობისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.