მამუკა ბახტაძე - მეც მაქვს ინტერესი, რაც შეიძლება დროულად გაირკვეს ია კერზაიას საქმე, მაგრამ წამზომზე აპელირება შეიძლება, არ იყოს სწორი
მეც მაქვს ინტერესი, რაც შეიძლება დროულად გაირკვეს, რეალურად რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ წამზომზე აპელირება შეიძლება, არ იყოს სწორი მიდგომა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტის წერილის შესახებ ჟურნალისტების კითხვაზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, მას კარგად ესმის, რომ საზოგადოებას ამ ტრაგედიის გარშემო ყველა დეტალის გარკვევის მაღალი ინტერესი აქვს.
„ეს არის ადამიანური ტრაგედია და კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში ძალიან მაღალი ინტერესია, ამ ტრაგედიის გარშემო თითოეული დეტალი გაირკვეს. ჩვენ, ამავე დროს, მოვისმინეთ განათლების მინისტრის კომენტარი და ის ყოველთვის მზად არის, რომ საზოგადოებას უპასუხოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ასევე ვიცით, რომ პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას. მე ისიც კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში ინტერესია, რაც შეიძლება, დროულად მოხდეს გამოძიების შედეგების დადგენა არა მხოლოდ ამ, არამედ ნებისმიერ საკითხზე, სადაც მაღალი საჯარო ინტერესია. აქვე მინდა ვთქვა, მეც მაქვს ეს ინტერესი, რაც შეიძლება, დროულად მოხდეს გარკვევა, რეალურად რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ წამზომზე აპელირება იმის ფონზე, რომ ჩვენ გვინდა, რეალური შედეგი მივიღოთ, შეიძლება, არ იყოს სწორი მიდგომა“, – განაცხადა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო ორგანოები თავიანთ მოვალეობას უმაღლეს დონეზე შეასრულებენ.
„ჩვენ გვსურს, თითოეული დეტალი და ნიუანსი გაირკვეს. საგამოძიებო ორგანოებმა იციან ამის შესახებ და დარწმუნებული ვარ, ისინი თავიანთ პროფესიულ მოვალეობას უმაღლეს დონეზე შეასრულებენ,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ევროპარლამენტის თერთმეტმა დეპუტატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ია კერზაიას საქმეზე წერილით მიმართა. ევროპარლამენტარების წერილში აღნიშნულია, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა და აღნიშნულ საქმეზე სწრაფი და დეტალური გამოძიება უნდა ჩატარდეს, რათა დადგინდეს ია კერზაიას გარდაცვალების ზუსტი მიზეზები.