მამუკა ბახტაძე - მალე დასრულდება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც არხოტის სოფლებს ელექტროენერგიით მოამარაგებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს არხოტის ხეობას ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მამუკა ბახტაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ მალე დასრულდება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც ხეობის სოფლებს ელექტროენერგიით მოამარაგებს.
„აქ ხორციელდება ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი. არხოტის ხეობაში გზაც კი არ იყო და ჩვენ დავიწყეთ გზის გაყვანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მალე დასრულდება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც მოამარაგებს სამ სოფელს. ეს არის ულამაზესი ადგილი და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ადგილი ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, აქ მოსახლეობას ჰქონდეს ყველა პირობა, ცხოვრობდეს ოთხი სეზონის განმავლობაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზი გაუსვა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ ინფრასტრუქტურას მოვაწესრიგებთ, დარწმუნებული ვარ, ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. დღეს მე ვარ ბედნიერი, გავიცანი ორი ახალგაზრდა წყვილი. ისინი დაოჯახდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, აქ იცხოვრონ, თავიანთ მამა-პაპისეულ მიწაზე. ჩვენ მათ მაქსიმალურად დავეხმარებით და სწორედ მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ პირობები, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა ცხოვრობდეს აქ და ახალგაზრდებს ჰქონდეთ პერსპექტივა, დამკვიდრდნენ მთაში”, – აღნიშნა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რეგიონის ინტერნეტიზაციის პროექტზეც. მისი თქმით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობების გარდა, ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი შატილისა და არხოტის თემებშიც.
„ჯამში გზები, ელექტროენერგიით მომარაგება და ინტერნეტიზაცია იქნება აუცილებელი პირობა, რომ შევქმნათ კიდევ ერთი ტურისტული მნიშვნელოვანი ცენტრი”, – დასძინა მამუკა ბახტაძემ.