მამუკა ბახტაძე - ხორავას ქუჩის საქმეზე „ქართულმა ოცნებამ”, როგორც შეეფერება ნამდვილ დემოკრატიას, შექმნა საგამოძიებო კომისია, რომლისგანაც ჩვენ ველოდებით შედეგებს
მამუკა ბახტაძე - ხორავას ქუჩის საქმეზე „ქართულმა ოცნებამ”, როგორც შეეფერება ნამდვილ დემოკრატიას, შექმნა საგამოძიებო კომისია, რომლისგანაც ჩვენ ველოდებით შედეგებს

ხორავას ქუჩის ტრაგედიამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ის პასუხები, რომლებიც მიიღო საზოგადოებამ, არ აღმოჩნდა საკმარისი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას, დეპუტატ ელენე ხოშტარიას მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” ისე, როგორც ეს შეეფერება ნამდვილ დემოკრატიას, შექმნა საგამოძიებო კომისია, რომლისგანაც ელოდებიან შედეგებს, რასაც ეს კომისია დადებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე, რომელმაც გამოიწვია ორი ახალგაზრდის სიკვდილი, დამდგარი შედეგები საზოგადოებისთვის საკმარისი არ იყო და საქმეში დამატებითი ჭეშმარიტების შეტანის მიზნით, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„შესაბამისად, მე, როგორც რიგითი მოქალაქე და არა მხოლოდ როგორც პრემიერ-მინისტრი, ველოდები საგამოძიებო კომისიის შედეგებს. “ქართულმა ოცნებამ”, როგორც მმართველმა ძალამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეეხებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნას. ჩემს მოსაზრებას კი არ გეუბნებით, ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯზე ვსაუბრობ, რაც პირველად ხდება საქართველოსა და ჩვენი დემოკრატიის ისტორიაში, მე ვსაუბრობ ფაქტზე და არა მხოლოდ მოსაზრებაზე. ვფიქრობ, ამაში არის განსხვავება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავარი პროკურორის გადადგომასთან დაკავშირებულ კითხვაზე კი პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ირაკლი შოთაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რაც დემოკრატიის მაღალ ხარისხს შეესაბამება.