მამუკა ბახტაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სისტემის ერთმა ნაწილმა ბოლომდე ვერ გააკეთა ის, რასაც საზოგადოება მისგან ელოდა
სისტემის ერთმა ნაწილმა ბოლომდე ვერ გააკეთა ის, რასაც საზოგადოება მისგან ელოდა, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ სერგი კაპანაძის კითხვას, იყო თუ არა ჩავარდნები ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შსს-სა და პროკურატურის რეაგირებაში.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ სოლიდარობას ვუცხადებ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს. როდესაც გვაქვს სიტუაცია, რომ დგება რაღაც სტატუსკვო და ამ შემთხვევაში, საზოგადოება არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ეს არის ის შედეგი, რომელიც იქნებოდა მართებული, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემის ერთმა ნაწილმა ბოლომდე ვერ გააკეთა ის, რასაც საზოგადოება მისგან ელოდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იმის მნიშვნელოვანი პრეცედენტია, როგორ უნდა რეაგირებდეს სახელმწიფო მსგავს შემთხვევებზე.
„გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა იყო შეცდომა და რა არა, მათ შორის თქვენი მონაწილეობით, მაგრამ სისტემური ანალიზის თვალსაზრისით, როდესაც პოლიტიკური სისტემა მსგავს პრობლემაზე აკეთებს ასეთ რეაქციას, ნიშნავს, რომ ეს არის ძალიან მაღალი ფასეულობების მატარებელი სისტემა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.