მამუკა ბახტაძე - გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები, რომელიც ყველა სფეროს უნდა ეხებოდეს
შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები გვჭირდება. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ეს უნდა ეხებოდეს ყველა სფეროს, ადამიანთა უფლებებით დაწყებული, მომხმარებელთა უფლებებით დაცვით დამთავრებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხებოდა, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ შრომის უსაფრთხოების კუთხით სწორი ზომების მიღების საშუალება პარლამენტს არ მისცა.
„ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციაა, ეს უნდა ეხებოდეს ყველა სფეროს, ადამიანთა უფლებებით დაწყებული, მომხმარებელთა უფლებებით დაცვით დამთავრებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს სტანდარტი აუცილებლად უნდა დავამკვიდროთ საქართველოში. უკვე პირველი აგვისტოდან შესაბამისი სამინისტრო იწყებს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც იმედს მაძლევს, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება. რაც შეეხება შრომის დაცვის სტანდარტებს, აქ უნდა გვქონდეს მოთხოვნა, რომ დავაკმაყოფილოთ ევროპული სტანდარტი. ეს ბევრ საწარმოში არ იყო. ასე არ შეიძლება გაგრძელდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ირაკლი კობახიძემ დღეს აღნიშნა, მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ შრომის უსაფრთხოების კუთხით პარლამენტს სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება არ მისცა.
შეგახსენებთ, მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას დღეს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.