მამუკა ბახტაძე - გაუგებარია ადამიანთა მცირე ჯგუფის მიდგომა, რომ რაც უფრო დააკნინებ შენი ქვეყნის ფასეულობებს, ტრადიციებს, მით უფრო პროგრესულად ჟღერს ეს ყველაფერი
ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარიცაა, რომ, მართალია მცირე ჯგუფს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ყველა ჩვენი მოქალაქეა, აქვს მიდგომა, რომ რაც უფრო დააკნინებ ან შეეცდები, დააიგნორო შენი ქვეყნის ფასეულობები, ისტორია, ტრადიციები, მით უფრო პროგრესულად ჟღერს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას აქვს ისტორია, რომლითაც თითოეული მოქალაქე ამაყობს.
„ჩემთვის ადამიანურად მიუღებელი და გაუგებარი იყო ადამიანთა მცირე ჯგუფის მხრიდან ისეთი ტიპის კომენტარები, რომელიც მოვისმინე. ამ ქვეყანას აქვს ისტორია და ჩვენ ამით ვამაყობთ. დღეს რომ ჩვენ ქართული სახელმწიფოებრიობა გვაქვს, ამ ფესვების დამსახურებაა და ამას თითოეული ჩვენგანი პატივს უნდა სცემდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
გადაცემის წამყვანის კითხვას, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის დაწესებასთან დაკავშირებით, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს არის დედა ეკლესიის იდეა, რომელსაც მხარი დაუჭირა და აქვს მოლოდინი, რომ ეს დღე ძალიან კარგ ეროვნულ დღესასწაულად, ტრადიციად იქცევა, რომელიც 12 მაისს აღინიშნება.