მამუკა ბახტაძე გამოცემაში Emerging Europe სტატიას აქვეყნებს - „პოსტპანდემიურ სამყაროს დასჭირდება ინვესტიციები ადამიანური კაპიტალის განვითარებაში“
მამუკა ბახტაძე გამოცემაში Emerging Europe სტატიას აქვეყნებს - „პოსტპანდემიურ სამყაროს დასჭირდება ინვესტიციები ადამიანური კაპიტალის განვითარებაში“

საქართველო წარმატებულია გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში, რაც ძირითადად განპირობებულია 2013 წელს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით განხორციელებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის რეფორმით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე გამოცემაში – Emerging Europe გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

როგორც ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, ლუგარის კვლევითი ცენტრის წარმატებულ მუშაობასთან ერთად, აღნიშნულმა რეფორმამ ქვეყნის უმაღლესი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სრული ტრანსფორმაცია მოიცვა და ეს მიდგომა იყო გარანტი იმისა, რომ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა შესაბამისად იყო მზად და ასეთი გლობალური მასშტაბის კრიზისის შეკავება შეძლო.

„ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის წარმატებულ მუშაობასთან ერთად ამ რეფორმამ ქვეყნის უმაღლესი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სრული ტრანსფორმაცია მოიცვა (ბუნებრივია ჯანდაცვის სისტემის განვითარება ადამიანური კაპიტალის განვითარების პროცესის შემადგენელი ნაწილია). ამგვარი ყოვლისმომცველი მიდგომა იყო ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მზაობის გარანტი, რომელმაც შეძლო ასეთი გლობალური მასშტაბის კრიზისის შეკავება.

ამავდროულად, მსოფლიოს ჩვენს ნაწილში საქართველო ნამდვილ გამონაკლისად და ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო ქვეყანად მიიჩნევა, რაც ბიზნესის კეთების სიმარტივისა და მსგავსი რეიტინგებით დასტურდება. ამასთანავე, ჩვენ შევძელით, ვქცეულიყავით ერთ-ერთ ისეთ ქვეყნად, სადაც საგადასახადო ტვირთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. რეკორდულად დაბალია როგორც საბიუჯეტო დეფიციტი, ასევე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც. თანმიმდევრულად გავზარდეთ სუვერენული საკრედიტო რეიტინგები. თუმცა, ეს არ არის საკმარისი“, – აღნიშნავს მამუკა ბახტაძე Emerging Europe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს მიღწევები უნდა შეივსოს ადამიანური კაპიტალის პერმანენტული განვითარების პროცესით და სწორედ ეს იქცევა წარმატების ფორმულად, რაც საქართველოს ხარისხობრივად მაღალი დონის ეკონომიკური განვითარების მიღწევაში დაეხმარება.

„დასკვნები ყოველთვის უნდა გაკეთდეს და ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში გაკეთებული ერთ-ერთი ასეთი დასკვნაა მდგრადობისა და ინკლუზიურობის მნიშვნელობა. ამ ფაქტორების საშუალებითაც მსოფლიო მუდამ შეძლებს გლობალური პანდემიის მსგავსი მასშტაბური მოვლენის უარყოფითი გავლენის მინიმუმამდე დაყვანას“, – აღნიშნავს მამუკა ბახტაძე სტატიაში.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სტატიაში განიხილავს პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს და აღნიშნავს, რომ მსოფლიო ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ტრანსფორმაციის ახალ, სრულიად განსხვავებული სახის ისტორიულ ზღურბლზეა.

„დღეს მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის. თანამედროვე ისტორიაში სრულმასშტაბიანი ომი  პირველად მძვინვარებს მთელს მსოფლიოში ისეთ ვირუსთან, რომელსაც ნამდვილად აქვს გლობალურად რამე სახის გავლენა თითოეულ მოქალაქეზე.

ნამდვილად უჩვეულო დროს მოვესწარით: ისეთი კრიზისის წინაშე ვიმყოფებით, რომელსაც მსოფლიო ომის მსგავსი გამანადგურებელი ეფექტი გააჩნია. არსებული ეკონომიკური და უსაფრთხოების არქიტექტურა არა მხოლოდ სახეს იცვლის, არამედ სოციალური გადაწყობის აგენტადაც გვევლინება. სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ომს ტექნოლოგიური პროგრესი მოსდევს, თან იდეების უფრო სწრაფი გავრცელება ხდება და იმაზე უფრო დიდი ტემპი ახასიათებს, ვიდრე ნებისმიერი სახის კომერციული აქტივობა. ამდენად, ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ტრანსფორმაციის ახალი, სრულიად განსხვავებული სახის ისტორიულ ზღურბლზე ვართ.

ჩვენ ვხედავთ გარდატეხათა სრულიად ახალ ტალღას არა მხოლოდ ჯანდაცვის ან ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, ზოგად პროტოკოლებში ან არსებულ ფასეულობათა ჯაჭვში, არამედ ასევე სრულიად ახალი სახის მეტამორფოზის მომსწრენიც ვართ, რომელიც გავლენას ახდენს სოციალური ყოფაზე, მომხმარებელთა ქცევის მოდელზე და ყოველდღიურობის სხვა ელემენტებზე. უპრეცედენტო მასშტაბისა და მუხტის მქონე ტრანსფორმაციის პერიოდში ვიმყოფებით“, – აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს,  რომ გლობალური სისტემა პანდემიის უარყოფითი გავლენის მსხვერპლად იქცა და დომინოს ეფექტი იქონია.

„ამასთანავე, ვიხილეთ, რომ გლობალური სისტემა პანდემიის უარყოფითი გავლენის მსხვერპლად იქცა და დომინოს ეფექტი იქონია. მსოფლიო ეკონომიკაში განსხვავებული გრავიტაციის წერტილებია და ყველა მათგანი თავის არეალს მიემართება. მაგალითად, გვაქვს ჰაბები, რომლებიც წარმოების მთავარი მამოძრავებელი ძალაა მაშინ, როდესაც სხვები წარმართავენ მომსახურების სფეროს და არიან ისეთებიც, რომლებიც ყველაზე დიდ მომხმარებლებად გვევლინებიან. ამგვარი გადანაწილება განაპირობებს დომინოს ეფექტს და აფეთქებების ჯაჭვს წარმოქმნის.

ამ კრიზისმა დაგვანახა მრავალპროფილურობის მნიშვნელობა, რადგან ნამდვილად არსებობს სივრცე შედარებით მცირე ზომის ჰაბებისთვის, რომლებიც განსხვავებული ეკონომიკური აქტივობების სინდიკატები იქნებიან. მკითხველმა უნდა გააცნობიეროს, რომ არ ვარ გლობალიზაციის წინააღმდეგი. პირიქით! მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ამ გლობალური ფენომენის უარყოფით ნიშნებს და რისკებს უნდა ვიცნობდეთ და გადავწონოთ. ამისთვის ერთ-ერთ მექანიზმად გთავაზობთ მრავალპროფილურ ჰაბებს. ამგვარი ცენტრების შექმნა თავისუფლად არის შესაძლებელი ისეთი მოთამაშეებით, რომლებსაც სურთ, იკისრონ გაცვლის ფუნქცია, იქნება ეს სოციალურ, კულტურულ თუ ეკონომიკურ სფეროებში“, – აღნიშნავს მამუკა ბახტაძე Emerging Europe -ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი სწორედ ამ მიმართულებით მოიაზრებს საქართველოს და მსგავსი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა რადიკალური, თუმცა აუცილებელი რეფორმები განხორციელდეს.

„სწორედ აქ ვხედავ საქართველოს და მისი მსგავსი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა მოხდეს რადიკალური, ხშირად ნაკლებად პოპულარული, თუმცა აუცილებელი რეფორმების განხორციელება. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია გლობალურ პანდემიასთან ერთად უკვე გახდა ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის დაჩქარებული ტალღის ძლიერი კატალიზატორი.  ძალიან ცნობილი გამონათქვამია „სასოწარკვეთილ დროს სასოწარკვეთილი ზომებია საჭირო“. სწორედ ასეთი მრწამსით უნდა იხელმძღვანელოს საქართველომ  და მსგავს სიტუაციაში მყოფი ყველა ქვეყნის მთავრობამ.

რეალურად, ყველაფერი რომ გავამარტივოთ, მე ვქომაგობ კონკურენტუნარიანობას, რაც მომატებულ გამძლეობას და მდგრადობას გულისხმობს. ეს ელემენტები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფასეულობათა ჯაჭვის გადაწყობის პროცესი დაიწყება. ეს პროცესი გარკვეულწილად დაიწყო კიდეც, თუმცა სრულ ფაზაში პანდემიის კლებისას შევა. საქართველოს მსგავსი ქვეყნები (ვგულისხმობს მათ, რომლებსაც მიზნად აქვთ დასახული ყველა საჭირო წინაპირობის შექმნა მრავალპროფილურ ჰაბებად ქცევისთვის) მზად უნდა იყვნენ ახლადშექმნილ ბიზნეს მოდელებში პოზიციონირებისთვის, საკუთარი სარგებლის დემონსტრირებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის საკუთარი შეთავაზების გაცნობისთვის. აქ კი, ადამიანური კაპიტალის განვითარების დანიშნულება იკვეთება“, – აღნიშნავს საქართველოს ყოფილი პრემიერი Emerging Europe-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რადიკალური ტრანსფორმაციის მოსალოდნელი ეფექტის სრული კაპიტალიზაციისთვის მთავრობებმა ინვესტიციები ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ და შრომითი ბაზრის გადაწყობისკენ უნდა მიმართონ.

„საქართველოს მაგალითი შეიძლება, ამის დიდებული პრეცედენტი იყოს. გასულ წელს მივიღეთ კანონი, რომლის თანახმად ყოველმა შემდგომმა მთავრობამ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6 პროცენტი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის მეოთხედია, უნდა  მიმართოს განათლების სექტორში.

ახალი კორონავირუსის პანდემიამ სამუდამოდ შეცვალა კაპიტალდაბანდებების სამიზნეების შეფასება და ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი საბოლოო ჯამში იქნება ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების შეფასება: მათი ეფექტიანობა, სიძლიერე და მდგრადობა“, – აღნიშნავს მამუკა ბახტაძე Emerging Europe -ში გამოქვეყნებულ სტატიაში.